ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში უოლ-სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გაყიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში შედარებით ნაკლებად ძვირ მოდელებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩინეთში Model Y-ის მოდელებზე დიდი მოთხოვნა იყო. ახალი მოდელები – Model S-ი და Model X-იც კარგად მიიღეს. ასე რომ, ვზრდით წარმოებას და ამის საწყის ეტაპზე ვართ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, Tesla-ს შანხაის ქარხანამ ელექტრომობილების წარმოება გასულ წელს დაიწყო. ჩინეთი ილონ მასკის ელექტრომწარმოებლისთვის მთავარ ბაზარს წარმოადგენს. როგორც რიცხვებიდან ირკვევა, თებერვალში, ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, მაშინ როდესაც ჩინური ახალი წლის პერიოდში, როგორც წესი, გაყიდვების კლება შეინიშნება ხოლმე.
საერთო ჯამში, გლობალურად, ამერიკულმა ელექტრომწარმოებელმა 2021 წლის პირველ კვარტალში 184 800 მანქანა გაყიდა. წინასწარი პროგნოზი კი 177 822 მანქანის გაყიდვა იყო. პროგნოზის გარდა, პირველი კვარტალის მონაცემები ასევე აჭარბებს წინა კვარტალის მონაცემებს, როდესაც Tesla-მ 180 570 ელექტრომობილი გაყიდა.
Wedbush-ის ანალიტიკოს დენ აივსის პროგნოზით, წლის ბოლომდე Tesla 850 000-ზე მეტ ელექტრომობილს გაყიდის. ამის იმედს მას აშშ-ის პრეზიენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაც აძლევს, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილების გაყიდვები წახალისდება. ამას ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნის ზრდაც ემატება.