ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla-ს პირველი ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის სამძრავიანი, 4-ვე წამყვანი თვლების მქონე მოდელი CyberBeast-ი Sotheby’s-ის ავტოაუქციონზე $262,500-ად გაიყიდა. აღნიშნული ღირებულება ორჯერ აღემატება ელექტრომობილის დადგენილ ფასს – CyberBeast-ის საწყისი ღირებულება $99,000-ად არის შეფასებული. მოდელის მომხმარებლებისათვის ფართოდ მიწოდება 2025 წლამდე არ დაიწყება.
ელექტრომობილის გასაყიდად მოწყობილი აუქციონი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზატორები მოელოდნენ, რომ ის რეალურ ღირებულებაზე ძვირად გაიყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ CyberBeast-ის შესყიდვის სურვილით ჯამში 108 ბიდი განხორციელდა.
Tesla Cybertruck-ის მოდელი CyberBeast-ი ელექტრომობილის ყველაზე ძვირად ღირებული კომპლექტაციაა და ის სამი ელექტროძრავისაგან შედგება, რომლებიც 845 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტრომობილს 0-დან 100-მდე აჩქარება 2.6 წამში შეუძლია, ერთი სრული დამუხტვით კი 515 კილომეტრს გადის.
შეგახსენებთ, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Cybertruck-ი 2019 წელს დააანონსა. კოვიდპანდემიის, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების, ნახევარგამტარების დეფიციტისა თუ სხვა მიზეზებით მისი წარმოების დაწყების თარიღი არაერთხელ გადაიდო. ავტომობილის პროტოტიპის დაანონსებიდან მალევე $100-ის სანაცვლოდ წინასწარი ჯავშანი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა განახორციელა. ავტომობილის საბაზისო მოდელის მიწოდების თარიღად 2025 წელია დასახელებული, ხოლო ორი, უფრო მაღალი კომპლექტაციის მოდელის მიწოდება უკვე დაწყებულია. Tesla Cybetruck-ის საბაზისო მოდელის ღირებულება $60,000-ია, თუმცა კომპლექტაციის მიხედვით $100,000-მდე იზრდება.