თბილისის მერმა კახა კალაძემ ქობულეთში მდებარე ძველი სასტუმროს შენობა “კოლხეთი” 10 მილიონ დოლარად გაასხვისა. ეს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. როგორც დოკუმენტშია მითითებული, კალაძემ 2019 წლის 12 დეკემბერს შპს “კოლხეთის” აქტივების 100%-იანი წილი “არქი ჯგუფს” მიჰყიდა. ხელშეკრულების ფარგლებში კალაძისთვის თანხის გადახდა 2019 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კოლხეთს” ქობულეთში ზღვის სანაპიროზე მდებარე ყოფილი სასტუმრო კოლხეთი ეკუთვნის. კომპანიის კუთვნილი მიწის საერთო ფართობი 19,767 კვ.მ-ია, მრავალსართულიანი ნაგებობის შიდა ფართობი კი 13,263 კვ.მ-ს შეადგენს, თუმცა, თავად შენობა ექსპლოატაციაში არაა და ამორტიზებულია.
საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის მიხედვით, შპს “კოლხეთს” ტრანზაქციის შემდგომ სახელი შეეცვალა და მას ამჟამად “ქობულეთი რიზორთსი” ჰქვია. კომპანიის მფლობელს კი 2019 წლის 27 ნოემბერს დაფუძნებული კომპანია შპს “ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთი” ფლობს.
ამ კომპანიის 85%-იანი წილის მფლობელია კომპანია “ქობულეთი კაპიტალი”, რომლის საკონტროლო პაკეტიც (60%-იანი წილი) 2019 წელს დაფუძნებული შუამავალი კომპანიების (“ოუდიეს კაპიტალსა” და ”ვიენბი კაპიტალს”) გავლით ეკუთვნის “არქი ჯგუფის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატ ილია წულაიას.
საჯარო რეესტრის ამონაწერის ინფორმაციით, ორივე შუამავალი კომპანიაში საკუთარი წილის მართვა დეპუტატ ილია წულაიას საკუთარ ძმაზე – თენგიზ წულაიაზე აქვს გადაცემული.