ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება სურდა. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პუტინმა მათ პირველ შეხვედრაზე ნათლად თქვა, რომ სურდა, რუსეთი უსაფრთხო და სტაბილური დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო.
ლეიბორისტული პარტიის თავდაცვის ყოფილი მდივნის, ჯორჯ რობერტსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ორგანიზაციაში წევრობაზე განაცხადი პროცესის გავლისა და გაწევრების მომლოდინეთა რიგის გამო არ გააკეთა. სამაგიეროდ, 2000 წელს შეხვედრაზე იკითხა, თუ როდის აპირებდა ალიანსი რუსეთის მოწვევას NATO-ში, შემდგომ კი დაამატა, რომ უმნიშვნელო ქვეყნებთან ერთად მომლოდინეთა რიგში ყოფნას არ აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ, პრეზიდენტად მის პირველ ინაუგურაციამდე, ვლადიმირ პუტინმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ გამორიცხავდა სამხედრო ალიანსში გაწევრებას, თუ NATO-ში რუსეთის ინტერესები სხვა წევრების მსგავსად იქნებოდა გათვალისწინებული. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის NATO-ს მტრად აღქმა რთული იყო, რადგან რუსეთი ევროპული კულტურის ნაწილია და ვერ წარმოედგინა მისი ქვეყანა ევროპისგან იზოლირებულად. თუმცა პუტინის დამოკიდებულება სამხედრო ალიანსის მიმართ განსაკუთრებით 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ შეიცვალა, როდესაც რუსეთმა დასავლეთს პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში დასდო ბრალი. სიტუაცია უფრო მეტად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით NATO-ს ექსპანსიებმა გაამძაფრა, რაშიც 2008 წელს სამხედრო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრების მცდელობაც მოიაზრებოდა.