THE: საუკეთესო უნივერსიტეტები მედიცინის მიმართულებისთვის 2023 წლისთვის

THE: საუკეთესო უნივერსიტეტები მედიცინის მიმართულებისთვის 2023 წლისთვის

Times Higher Education-მა (THE) 2023 წლისთვის მედიცინის მიმართულებისთვის საუკეთესო უნივერსიტეტები გამოავლინა. რეიტინგის შესადგენად იგივე მეთოდოლოგიაა გამოყენებული, რომელიც საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალისთვის – შესაბამისად, ყურადღება გამახვილებულია სწავლებაზე, კვლევით საქმიანობაზე, საერთაშორისო პერსპექტივასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე.

აღსანიშნავია, რომ THE-ის მიერ 2023 წლისთვის შედგენილი რეიტინგის ათეულში თითქმის იმავე უნივერსიტეტებს ვხვდებით, რომელთაც 2022 წლისთვის გამოქვეყნებულ სიაში – თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეცვლილი პოზიციებით. ათეულში ახალია ლონდონის სამეფო კოლეჯი, რომელიც წინა რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებდა.

ათეულიდან ყველაზე მეტი, ხუთი დაწესებულება გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს, სამი – ამერიკის შეერთებული შტატებში და თითო-თითო კანადასა და ჩინეთში.

სიის ლიდერობა ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეინარჩუნა, რომელიც სამედიცინო მიმართულებით ყოველწლიურად 150 სტუდენტს იღებს, დამატებით 30-ს კი ამავე მიმართულებით მაგისტრატურის კურსზე. დაწესებულებას მედიცინისა და კლინიკური კვლევებისთვის ორი ძირითადი ბიბლიოთეკა აქვს.

მეოთხე ადგილიდან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა კიდევ ერთმა ბრიტანულმა დაწესებულებამ, კემბრიჯის უნივერსიტეტმა. „კემბრიჯის“ სამედიცინო კურსებზე ყოველ ადგილზე ექვსი აპლიკანტია და საერთო ჯამში დაახლოებით 260 სტუდენტი მიიღება.

მესამე პოზიციაზე ის დაწესებულებაა, რომლის ადგილიც განახლებულ რეიტინგში „კემბრიჯმა“ დაიკავა – ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ „ჰარვარდის“ სამედიცინო სკოლა, რომელიც 1782 წელს დაარსდა, არის რიგით მესამე უძველესი სამედიცინო სკოლა აშშ-ში. დაწესებულებას აქვს სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ 30 აპლიკანტს იღებს. პროგრამა ბიოსამედიცინო კვლევებზეა ორიენტირებული.

რეიტინგის სამ ლიდერს უკვე გაეცანით, ახლა კი 2023 წლისთვის მედიცინის მიმართულებისთვის საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპათეულს წარმოგიდგენთ:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  2. კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  3. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
  4. ლონდონის იმპერიული კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო)
  5. ცინგხუას უნივერსიტეტი (ჩინეთი)
  6. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
  7. ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა)
  8. UCL (გაერთიანებული სამეფო)
  9. იელის უნივერსიტეტი (აშშ)
  10. ლონდონის სამეფო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *