თეატრის მენეჯერი

თეატრის მენეჯერი

ხელოვნება და მენეჯმენტი ის სიტყვები არაა, რომლებსაც ხშირად ერთმანეთის სიახლოვეს წერენ, თუმცა სულ ტყუილად. თეატრალური სარდაფიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაბარგებულმა ეკა მაზმიშვილმა თანამედროვე მენეჯმენტი უძველეს სცენაზე გაიტანა. შედეგი სულიერია – ძველი თეატრის ახალი სიცოცხლე.

სულ ცოტა ხნის წინ, ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს ბნელ სცენაზე სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ძველ შეკითხვაზე ტყვიების ზუზუნით პასუხობდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩნდებოდა წერტილები, რომელთა შეერთებითაც ქვეყნის კულტურული ლანდშაფტი უნდა მოხაზულიყო. ერთი ასეთი წერტილი იყო თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, რომელიც კრეფდა მაყურებელს, როგორც ხიდან დაცვენილ ხილს მშიერი ბავშვი. მაყურებელს, რომელსაც მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება შერჩენოდა კულტურულ ცხოვრებაზე. ეკა მაზმიშვილმაც ამ პატარა თეატრიდან დაიწყო და ამის შემდეგ მოხვდა დიდი ტრადიციის მქონე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

პატარა თეატრს თავისი უპირატესობები აქვს – იგი მეტად მოქნილია და მეტად დამოკიდებული მაყურებლის პრეფერენციებზე, რადგან დიდი, ძველი თეატრებისგან განსხვავებით, მისი გადარჩენა სახელმწიფოს “ღირსების საკითხი” არაა. ხოლო როცა ტრადიციულ სცენაზე თანამედროვე მენეჯმენტს ათამაშებ – მაშინ რაღაც უფრო ცოცხალსა და ამაღელვებელს იღებ, ვიდრე უბრალოდ ტრადიციაა. ეკა მაზმიშვილმა ეს ფორმულა წარმატებით გამოსცადა.

რით განსხვავდება პატარა და დამოუკიდებელი თეატრის მართვა სახელმწიფო თეატრის მართვისგან? “განსხვავება მხოლოდ ფურცლების რაოდენობაშია, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.

– საშტატო განრიგი, ბრძანებების წიგნი და სხვა ათასი ფინანსური აღრიცხვისთვის აუცილებელი ქაღალდები ავსებენ არქივს და ქმნიან ისტორიას. თუ ოდესმე ამ არქივს შეისწავლის ვინმე, მიხვდება, თუ როგორ მუშაობდა ვინმე ეკა მაზმიშვილი და როგორი იყო თეატრის რიტმი”.

აი, რიტმი კი უკვე საკმაოდ ჩქარია. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის 2015 წლის მონაცემებით, მარჯანიშვილის თეატრი ლიდერობს წელიწადში გამოშვებული 15 პრემიერით და 46 სარეპერტუარო სპექტაკლით. ასევე შვიდ საგასტროლო ქვეყანაში გამართული 20 სპექტაკლით. ბილეთების გაყიდვით (44,122 გაყიდული ბილეთი) კი მარჯანიშვილის თეატრს მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრი უსწრებს.

ეკა მაზმიშვილი მარჯანიშვილში მუშაობას 2006 წლიდან იწყებს. მანამდე თეატრი რემონტის გამო სამი წლის განმავლობაში დახურული იყო. სამი წელი თეატრისთვის ძალიან დიდი დროა. მაყურებლის დაბრუნებას დიდი რესურსი სჭირდებოდა, რადგან თეატრი მაყურებლის გარეშე ნონსენსია. ამიტომ შეიცვალა მართვის ჯგუფის სტრუქტურა, დაემატა ახალი კადრები.

“ჩემი ღრმა რწმენით, თეატრის მთავარი ფიგურა სამხატვრო ხელმძღვანელია, სწორედ ის განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით მხარეს. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება სარეპერტუარო პოლიტიკა. ანუ მთავარია – იდეები, ჩვენ, მენეჯერებმა კი ამ იდეების განსახორციელებლად აუცილებელი პირობები უნდა შევქმნათ”, – ამბობს იგი.

ეკა თეატრის მენეჯმენტზე საუბრისას ფანქი ბიზნესის მეთოდებს ახსენებს. “ფანქი ბიზნესი” 2000 წელს გამოქვეყნებულ წიგნია, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. “კაპიტალიზმა გაიმარჯვა, მაგრამ ერთი პატარა პრობლემაა. კარლ მარქსი მართალი იყო”, – ასე იწყება ეს წიგნი. ამაზე ბერტოლტ ბრეხტი მახსენდება, თეატრის მარქსისტი, რომელიც, თავის მხრივ, ეპიკური თეატრის შესახებ ნაშრომს ასე იწყებს: თეატრში მეტი კარგი სპორტია საჭირო, რადგან ადამიანები იმიტომ ყიდულობენ ბილეთს, რომ ზუსტად იციან – ნახავენ კარგად ნავარჯიშებ ათლეტებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიანო.

მაყურებლის მოლოდინი ბევრ რამეს განაპირობებს. სწორედ თეატრალური სარდაფის გამოცდილებამ, რომელიც თავიდან ბოლომდე ბოქს ოფისზე იყო დამოკიდებული, უბიძგა სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ლევან წულაძეს და, შესაბამისად, ეკა მაზმიშვილს, გეზი ისეთი სპექტაკლებისკენ აეღოთ, რომლებიც მერე წლების განმავლობაში არ ჩამოვიდოდა სცენიდან და სულ უფრო მეტ ადამიანს მიიყვანდა თეატრში. რაც მთავარია, მიიყვანდა მოსწავლეებს და სტუდენტებს, რადგან ახალ თეატრს ახალი მაყურებელი სჭირდება. ყველაზე აქტიურები კი, საქართველოს თეატრალური ბაზრის კვლევის მიხედვით, სწორედ ახალგაზრდა, 30-წლამდე მაყურებლები არიან.

ბაზარი ტრადიციულ დარგს საკუთარ მოთხოვნებს არგებს: სამსახიობო დასიც ახალგაზრდავდება და თეატრშიც თითქმის ყველა თაობის რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს. “როცა სახელმწიფო გაფინანსებს, შესაძლებლობაც მეტი გაქვს და პასუხისმგებლობაც. თეატრი გამუდმებით უნდა ვითარდებოდეს. თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი არასოდეს არ არის საკმარისი, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.

– ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა იტალიური თეატრიდან მითხრა, წელს უკიდურეს მდგომარეობაში ჩავვარდით, ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ 23 მილიონით განისაზღვრაო”.

მარჯანიშვილის თეატრის 2016 წლის ბიუჯეტი 2 507 000 ლარია. ეკა მაზმიშვილს სახელმწიფოს გარდა, სხვა სპონსორებზეც უნდა ეზრუნა, რასაც თავი წარმატებით გაართვა. დღეს თეატრის გენერალური სპონსორი ბანკი რესპუბლიკაა, პარტნიორების არასრული ჩამონათვალი კი ასეთია: Japan Tobacco International-ი, ჩაი “გურიელი”, Helix Group-ი, შატო მერე. “მაგრამ მთავარი სპონსორი მაინც მაყურებელია, რომელიც ერთგულად მოგვყვება და ხშირად ჩვენზე წინაც არის”, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.

სიღარიბეს ხელოვნება შეიძლება გადაურჩეს, თუმცა კარჩაკეტილობა – დამღუპველია. თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კონტაქტები. ამიტომ მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციის წევრი ხდება. ეს კონვენცია დაახლოებით ათი წლის წინ შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული თეატრები გააერთიანა. ის კოპროდუქციებისთვის დაფუძნდა – იმისთვის, რომ სპექტაკლი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია, როგორღაც აემოძრავებინათ და ერთი ქვეყნიდან მეორეში წაეღოთ. მიზანი კი სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და თანამედროვე დრამატურგიის გაცნობა იყო.

ამ კავშირის დამსახურებაც არის, რომ 2016 წელს “შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში მარჯანიშვილის თეატრმა “შემოქმედებითი ევროპის” კონკურსის დაფინანსება მოიპოვა ევროპული თეატრების ქსელთან თანამშრომლობით. “თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას” – მარჯანიშვილის თეატრის პარტნიორები ფრანგული მანუფაქტურ-თეატრი და გერმანული კარლსრუეს სახელმწიფო თეატრია. პროექტი 2-წლიანია და მისი მთლიანი ბიუჯეტი 200,000 ევროს შეადგენს. “ევროპის თეატრალური ლაბორატორია” თეატრალური ენის ონლაინ-ფორმატში გადაყვანის პირველი მცდელობაა; პროექტი თავს უყრის ევროპის წამყვან თეატრებსა და მეცნიერებს, რათა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გამოინახოს თეატრალური ენის გამდიდრებისა და მისი ვირტუალურ სივრცეში გადაყვანის საშუალებები.

თანამედროვე მართვის სტილის უპირატესობის კიდევ ერთი ნიშანი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის წამოწყებაა. მეშვიდე წელია, რაც თბილისში შემოდგომის სეზონი “დანაღმულია” თეატრის მოყვარულებისთვის. რამდენიმე წლის წინ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “საჩუქარიც” აღდგა და, შესაბამისად, კონკურენციაც გაიზარდა. “კონკურენტები” ტრადიციული ბრძოლების ნაცვლად ავსებენ და ავითარებენ ერთმანეთს. ეკა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორიც არის.

ფესტივალის გაგება უკვე დიდი ხანია, გასცდა სპექტაკლების სიმრავლეს, ეს არის დიალოგის, დისკუსიის, გამოცდილების გაცვლის, მასტერკლასებისა და ლექციების ჯამი. ეკა ამბობს, რომ ფესტივალი არა მხოლოდ თეატრის, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯის შექმნისთვის არის აუცილებელი. ესთეტიკური თვალსაწიერის გაფართოების გარდა, ეს ქალაქის პოპულარიზაციის სწრაფი და უმოკლესი გზაა: “ფესტივალის დროს შენ წარმოადგენ ქვეყანას, არა მხოლოდ როგორც კულტურულ სივრცეს, არამედ აჩვენებ, რისი საშუალება, თუნდაც რა ტექნიკური შესაძლებლობები გაქვს და რამდენად თანამედროვედ აზროვნებ”.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ თეატრალურ მოვლენად იქცა. საერთაშორისო პროგრამა, პროგრამა “New”, ქართული სპექტაკლების პროგრამა, რომლის სანახავადაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. ასევე იმართება გამოფენები, ვორკშოპები და სემინარები. ფესტივალის კლუბში სულ უფრო მეტი მაყურებელი უზიარებს ერთმანეთს აღფრთოვანებას. გუშინდელი დღესავით მახსოვს ტომას ოსტერმაიერის “ხალხის მტერი” ან რობერტ ლეპაჟის “მთვარის შორეული მხარე”. საერთოდ ისე გადის დრო ერთი ფესტივალიდან მეორემდე, რომ შთაბეჭდილებები განელებას ვერ ასწრებს. მსოფლიო თეატრის დიდი სახელების გვერდით, შედარებით უცნობი და ახალბედა რეჟისორები ჩნდებიან და მოლოდინს აღმოჩენები ცვლის. შემდეგ აქაური აღმოჩენები უკვე სხვა ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალისთვის გარდაისახება მოლოდინად.

ფესტივალის შემდეგ ქართველი მაყურებელი უფრო მომთხოვნი ხდება. თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარიც აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. ვეღარ იქნება უბრალოდ. მეტი ექსპერიმენტი ხდება საჭირო. ჯერ კიდევ 1924 წელს ქართული თეატრის მანიფესტში წერდნენ:

“ძველი თეატრი ნანგრევებში. ფიზიოლოგიური განცდანი ისტორიის ნაოჭებში. ქურუმთა ხარხარი და მწუხარება კეთროვან ბალდახინზედ პანთეონისაკენ. ძველი დრამატურგია ბეწვებ დამძვრალი მელოტი თავით. ბებერი კამბეჩები საგასტროლოთ შოთას პროსპექტზე. ქართული თეატრი შლამიან ჭაობიდან ამოტივტივებული”.

ეკას აზრითაც, ექსპერიმენტი ყოველთვის ბოლომდე უნდა მიიყვანო, როგორ ჩიხშიც არ უნდა მოხვდე. ხანდახან ჩიხში ყოფნა კომფორტულია, გამოსვლა არ გინდა, თითქოს დაცული ხარ. ამით ჩიხი რაღაცით წარმატებასაც ჰგავს, თუ წარმატების შემდეგ წინ არ გაიხედავ, გაჩერდები, დაკმაყოფილდები. თეატრი გამუდმებით სიახლეს უნდა სთავაზობდეს მაყურებელს. წინ მიდიოდეს. მთავარია, არ გეშინოდეს შეცდომების და გზა ყოველთვის გამოჩნდება.

ვეკითხები, ხომ არ აპირებს მარჯანიშვილის თეატრის მერე ისევ პატარა თეატრში დაბრუნებას. “დამოუკიდებელში? რა თქმა უნდა, სხვანაირად, აბა, როგორ”, – მპასუხობს და თვალები უბრწყინავს.