თებერვალში თბილისში $258.8 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart

თებერვალში თბილისში $258.8 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში ჯამში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა. შეგახსენებთ, ამ მხრივ იანვრის თვეში 6.3%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

Galt & Taggart-ის განმარტებით, „ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა“.

რაც შეეხება ფასებს, ანგარიშის თანახმად, თებერვალში თბილისში ბინის ღირებულების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა და თვიური 0.8%-იანი, ხოლო წლიური 16.5%-იანი მატება დაფიქსირდა. საპირისპიროდ, ფასები შემცირდა მეორად ბაზარზე – ახალ და ძველ პროექტებზე თვიური კლება, შესაბამისად, -4.1% და -2.2%-ია.

გასულ თვეში თბილისში 258.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%-იანი წლიური ზრდაა. Galt & Taggart-ის ცნობით, ამ ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი პირველადი ბაზარი იყო (+22.8% წ/წ), რისი მიზეზიც გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების კომბინაციაა.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში შემცირდა საშუალო ზომის ბინების ქირის ფასი და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. ეს თვიურ ჭრილში 4.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, კლება თბილისის ყველა რაიონში აღინიშნა.