საქართველოს ავიაბაზარზე ორი დაბალბიუჯეტური კომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ორი დაბალბიუჯეტური კომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ორი დაბალბიუჯეტური კომპანია, Transavia და AJET შემოდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან შესრულდა.

Transavia, რომელიც დაბალბიუჯეტური ნიდერლანდური კომპანიაა, რეგულარულ რეისებს ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. თურქული AJET კი რეგულარულ ფრენებს სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

„ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში.

რაც შეეხება AJET-ს, ის სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემოხსენებულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.