100 პროცენტით ვეთანხმები, რომ ისინი [მთავრობა] ფოკუსირებულები არიან სოფლის მეურნეობაზე, – ამის შესახებ Dentons-ის მთავარმა მრჩეველმა და „სილქნეტის“ საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას საქართველოს პოტენციალზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს მიწა, სოფლის მეურნეობისკენ მიდრეკილი მოსახლეობა, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ დიდი ხანია დააგვიანა მართლაც განევითარებინა ეს სექტორი და ამ კრიზისმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება.
ამასთან, თედ ჯონასის განცხადებით, ბევრი ქვეყანა აანალიზებს, რომ სოფლის მეურნეობა საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს თავისთვის საკმარისი რესურსი ამ მხრივ.
„თუმცა, ამას რასაც მე დავამატებდი, ესაა ადგილობრივი წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობე მეურნეობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ანაკლია სითი“, რომლის პროექტიც შეიმუშავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“. და რასაც საქართველოს მთავრობა ძალიან ცუდად მოექცა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო „ანაკლია სითის“ პროექტში, ეს არის ქეთი ბოჭორიშვილი. მის მიერ შექმნილი პროექტი არის შესანიშნავი პროექტი, რათა განვითარებულიყო ადგილობრივი წარმოება, სასაწყობე მეურნეობა და ყველა ღირებული ბიზნესი, რათა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს ძლიერი მხარე – მისი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი კავშირები მეზობელ ქვეყნებთან“, – განაცხადა თედ ჯონასმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი ანაკლიის პორტის და „ანაკლია სითის“ პროექტის განხორციელებას.