თურქეთი დაახლოებით 36,3 მლრდ ლირის ($5 მლრდ) მობილიზებას უზრუნველყოფს ინდუსტრიების დასახმარებლად. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა. როგორც თურქული გამოცემა Dailysabah-ი წერს, თანხის მობილიზება 39,651 კომპანიისთვის განხორციელდა, რომლებმაც ფინანსური პაკეტის მიღების საჭიროების შესახებ განაცხადეს. თანხის მობილიზების მიზანს უმუშევრობის თავიდან აცილება და ბიზნესების მხარდაჭერა წარმოადგენს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
საკრედიტო საგარანტიო ფონდის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესის გაგრძელების და სამსახურების შენარჩუნების მიზნით დაახლოებით 67,229 მცირე და საშუალო ზომის საწარმომ მოითხოვს. ამ კომპანიების დაფინანსება ხდება იმ პირობით, თუ ისინი თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, გასულ თვეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 100 მილიარდი ლირის მოცულობის ეკონომიკური სტაბილურობის დამცავი პაკეტის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პაკეტი დაზარალებული მოქალაქეების და ასევე ბიზნესების დახმარებას ითვალისწინებს.
12,1 მილიარდი ლირა დაახლოებით 2,1 მილიონი მოქალაქის დასახმარებლად არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, როგორც ცნობილია 1000 ლირის ოდენობის დახმარება დაახლოებით 2,1 მილიონმა ოჯახმა მიიღო, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ეს რიცხვი მალე 4,4 მილიონს მიაღწევს.
გარდა ამისა, როგორც გასულ კვირას მინისტრმა განაცხადა, დაახლოებით 795 000 მოქალაქეს გადაუვადდა სხვადასხვა სახის სესხი, რაც ჯამში 40,6 მილიარდ ლირას მოიცავს.
Ziraat Bank-მა, Halkbank-მა და VakıfBank–მა კომერციულ და კორპორატიულ საწარმოებს 20,5 მილიარდი ლირის ოდენობის სასესხო გადახდები გადაუვადეს.