თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ყარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქეთის პირველი შიდაწარმოების  ელექტრომატარებლის სამუშაოები დასრულებულია. ელექტრომატარებლის საპროექტო სიჩქარე 176კმ/სთ, ხოლო ოპერატიული სიჩქარე 160კმ/სთ–ია. „ელექტრომატარებელი ძალიან მალე იქნება ჩვენი მოქალაქეების სამსახურში“, – აღნიშნა ყარაისმაილოღლუმ.

თურქეთის მთავრობამ 2003–2020 წლებში სარკინიგზო სფეროში $21.2 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ რკინიგზა მთლიანად ელექტროსიგნალით აღჭურვოს.

ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას ყარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ სამინისტრომ 312-კილომეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა სარკინიგზო სისტემა შეიმუშავა. მისი თქმით, რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემაა ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად.

2021 წლის მონაცემებით, TCDD ხაზების დაახლოებით 5753 კილომეტრი, ანუ 45%  ელექტრიფიცირებულია. 2025 წლისათვის კი მთავრობა გეგმავს, სახელმწიფო რკინიგზის მიერ მოხმარებული ენერგიის 50%–ზე მეტი განახლებადი წყაროებიდან იყოს მიღებული.

„ჩვენ სწრაფად მივდივართ ჩვენი მწვანე განვითარების მიზნებისკენ მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტებით, მდგრადი და ჭკვიანი ტრანსპორტის, მწვანე პორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების, საწვავის მოხმარების, გამონაბოლქვის შემცირებისა და მიკრომობილური მანქანების გავრცელების გზით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მდგრადი, ჭკვიანი მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სამინისტრო შეიმუშავებს სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რომლებიც სატრანსპორტო სისტემებს მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებისთვის შესაფერისს გახდის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სტრატეგიაზე. მისი განცხადებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა მიკრომობილურ მანქანებში. საინტერესოა, რომ  თურქეთის ფოსტა უკვე იყენებს ელექტროსკუტერებს მიწოდებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *