თურქეთი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით მინიმუმ ორჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. საუბარია 34 მილიონამდე უცხოელ ტურისტზე, რომელთაც თურქეთი მიმდინარე წელს ელოდება.
შეგახსენებთ, 2020 წელს, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 71.7%-ით შემცირდა და მათმა რაოდენობამ 12.7 მილიონზე მეტი შეადგინა.
თურქეთს უსაფრთხო ტურიზმის უზრუნველყოფისთვის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მკაცრი ზომები აქვს დაწესებული. უფრო მეტიც, ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებული, ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭება.
ცნობისთვის, 2019 წელს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიამ 52 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. სექტორმა მაშინ $35 მილიარდი გამოიმუშავა. 2020-ში კი პანდემიამ ტურიზმის შემოსავლები 2/3-ით შეამცირა. სექტორის შემოსავლები გასულ წელს 65.1%-ით შემცირდა და $12.06 მილიარდამდე დაეცა. მიმდინარე წელს კი შემოსავლების $23 მილიარდამდე გაზრდას პროგნოზირებენ.
თურქეთის ტურიზმის უწყების ინფორმაციით, რუსეთიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჯავშნები შესამჩნევად გაზრილია, რაც მათ დადებითი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს.