თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების ფონზე, თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა.

რუსული Urals-ისა და Siberian Light-ის მარკის ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე ფასების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ დასავლეთის მიერ მოთხოვნის შემცირების ფონზე, რუსული ნავთობი ბირჟაზე თითქმის 20-30%-იანი ფასდაკლებით იყიდება, რითაც სწორედ ის სახელმწიფოები სარგებლობენ, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებიათ, მათ შორისაა: თურქეთი, ჩინეთი და ინდოეთი.

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში რუსული ნავთობის დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 98,000 ბარელს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, თურქეთი-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით მათ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 92 დოლარს შეადგენს, რუსული Urals-ის შეძენა კი 78 დოლარადაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *