“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. 18 სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული და მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე ჯამში 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის 97% (6.5 მლნ ლარი) უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით იქნა ათვისებული. შესყიდვების დროს მხოლოდ რუსთავისა და თბილისის მერიებმა ისარგებლეს ტენდერებით, დანარჩენმა 16 უწყებამ კი მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინეს საქონელი და მომსახურება.
სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღესასწაულების თარიღები ყოველთვის დიდი ხნით ადრე არის ცნობილი რადგან ყოველ წელს იგივე თარიღში იმართება, ცენტრალური ხელისუფლების უწყებები და მუნიციპალიტეტები მაინც ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება და დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ჩავარდნაზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N1030 განკარგულებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. გეგმის მიხედვით, 20-მდე სახელმწიფო უწყებას, თბილისის მერიას და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება დაევალათ.
15-17 მაისის პერიოდში მთავრობამ დამატებით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა მიზანი კონკრეტული უწყებებისთვის შესყიდვების გამარტივებული (პირდაპირი) საშუალებით განხორციელების უფლების დართვა იყო. პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძვლად საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება დასახელდა. N1127 განკარგულებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 200 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნება დაერთო. N1128 განკარგულებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 150 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა. თავდაცვის სამინისტროს 754 ათასი ლარის პირდაპირ შესყიდვების ნება დართეს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი – 393 ათასი ლარის. ყველაზე მეტი – 2.7 მლნ ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ს, შემოქმედებით საქართველოს გამოეყო.
პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე. აქედან, 231 200 ლარი შემოქმედებითმა საქართველომ დახარჯა, 36 500 ლარი – ბათუმის მერიამ და 9 568 ლარი – ქუთაისის მერიამ
.