Toyota Motor Corp-ი ზედიზედ უკვე მესამე წელია, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების მწარმოებლის სტატუსი ინარჩუნებს. გასულ 2022 წელს, იაპონური ავტომწარმოებლის მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 10.5 მილიონს მიაღწია.
ჯგუფის გლობალური გაყიდვები, რომელიც მოიცავს სატვირთო მანქანების ბრენდ Hino Motors-სა და პატარა ზომის მოდელების მწარმოებელ Daihatsu-ს, 0.1%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ 9.6%-ით, 1.9 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა შიდა ბაზარზე Toyota-ს გაყიდვებიც, თუმცა კლება საზღვარგარეთის ბაზარზე რეკორდული რაოდენობის, 8.6 მილიონის გაყიდვებმა გადაფარა.
იაპონური მწარმოებლის მეორეადგილოსანმა კონკურენტმა Volkswagen Group-მა კი, 2022 წელს გაყიდული 8.3 მილიონი ავტომობილით, ათწლეულების განმავლობაში გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. Volkswagen-ის გაყიდვების ვარდნა უმეტესწილად კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ჩინეთის ჩაკეტვასა და უკრაინის ომის გავლენით მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას უკავშირდება.
ჩიპებთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები Toyota-საც შეეხო. თუმცა, იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, აზიაში ძლიერმა მოთხოვნამ, ისევე როგორც აზიასა და სამხრეთ ამერიკაში წარმოების ზრდამ და ოპტიმიზაციამ, Toyota-ს ავტომობილების გლობალური წარმოება 2022 წელს 5%-ით გაზარდა. 2022 წელს Toyota-მ საერთო ჯამში 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ახალი გეგმით, 2023 წელს, ავტომწარმოებელი 10.6 მილიონი ავტომობილის წარმოებას გეგმავს.