ფოტო: Getty Images
სატარიფო დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებზე, სატვირთოებსა და საავტომობილო ნაწილებზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
აშშ-სა და კანადას შორის სატარიფო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, მხარეთა პოზიციების შეუჯერებლობის გამო ჩაიშალა. მოლაპარაკების მაგიდაზე მსუბუქ სატვირთო ავტომობილებზე ტარიფების 25%-დან 15%-მდე შემცირება, ასევე ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფების 50%-დან 25%-მდე შემცირება იყო. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ რომ მხარეები ვერ შეჯერდნენ, სატარიფო შეღავათები მძიმე სატვირთო ავტომობილებზეც გაევრცელებინათ თუ არა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-კანადას შორის სატარიფო-სავაჭრო დაძაბულობა უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. ბოლოდროინდელი ესკალაცია კი საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინტეგრირებულ მიწოდების ჯაჭვს. აშშ-ის ავტოინდუსტრია დიდად არის დამოკიდებული კანადურ ავტონაწილებსა და დანადგარებზე. შესაბამისად, კანადურ პროდუქციაზე ტარიფების დაწესება ამერიკელ ავტომწარმოებლებსა და მომხმარებლებს ფასს გაუძვირებს.
კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის სატარიფო დაძაბულობა უკვე უარყოფითად აისახა ავტომწარმოებლების აქციათა ფასებზე საფონდო ბირჟებზე.
„აწარმოეთ აშშ-ში და იქნება ნულოვანი ტარიფები. ამიერიდან კანადას აშშ-ის შტატივით აღარ მოვექცევით, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. – ჩვენ კანადა არ გვჭირდება, მათ ვჭირდებით ჩვენ“, – წერს ტრამპი.
ცნობისათვის, კანადა ისტორიულად აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. შარშან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $872.3 მილიარდი შეადგინა. კანადაში შექმნილი პროდუქციის ¾ ექსპორტზე სწორედ აშშ-ში გადის და იმპორტის ნახევარიც აშშ-ზე მოდის.















