ფოტო: Reuters
ორშაბათს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ერთობლივად შემუშავების მიზნით, უკრაინასთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ბრიტანელ მკვლევრებს უკრაინის საბრძოლო ველის მონაცემთა პლატფორმაზე წვდომა მიეცემათ, რომელიც სამხედრო ხელოვნური ინტელექტის სისტემების წვრთნისთვის გამოიყენება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი კიევში მოაწერეს. ამით დიდი ბრიტანეთი პირველი საერთაშორისო პარტნიორი გახდა, რომელმაც უკრაინის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებზე მოიპოვა წვდომა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში განაცხადა, რომ AI-ლაბორატორიები ბრძოლის ველის 5 მილიონი სურათის ანოტირებულ მონაცემთა ნაკრებზეა აგებული, რომელიც ძირითადად სამხედრო-საბრძოლო სისტემა „DELTA-დან“ არის აღებული. ცნობისათვის, „DELTA” ქვეყნის შიგნით შემუშავებული ბრძოლის ველის მართვისა და სიტუაციური ცნობიერების სისტემაა.
პლატფორმა უკრაინის საბრძოლო ველზე არსებული კამერებიდან და სენსორებიდან შეგროვებულ მონაცემებს იყენებს, მათ შორის ინფორმაციას ტანკების, საარტილერიო სისტემების, დრონებისა და სხვა სამხედრო სამიზნეების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები უკვე გამოიყენება სამიზნეების ამოცნობის ავტომატიზებულ სისტემაში, რომელიც ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ დრონის ვიდეოჩანაწერს აანალიზებს და რეალურ დროში მტრის სამიზნეების დაახლოებით 70%-ის იდენტიფიცირებას ახდენს.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარტნიორობა თავდაპირველად თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც ორივე ქვეყნის მკვლევრებს, ინჟინრებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სამხედრო ექსპერტებს გააერთიანებს.















