აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ტრამპის თქმით, მან ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრა შელაპარაკებით დასრულდა. ზელენსკიმ ვაშინგტონი ნაადრევად, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დატოვა. კონგრესში განცხადებამდე, მომხდარზე კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელის საშუალებითაც გააკეთა. ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში მომხდარ „შეტაკებას“ „სამწუხარო“ უწოდა და დასძინა, რომ უკრაინა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მზადაა.
პარალელურად, ტრამპი რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს განაგრძობს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მის ადმინისტრაციას „სერიოზული დისკუსიები აქვს რუსეთთან და მიიღო ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის“. ამასთან ერთად, ტრამპმა სწორი გზავნილებისთვის ზელენსკიც შეაქო და გაიმეორა მისი განცხადება, რომ „არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად“.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას დახმარების სანაცვლოდ იშვიათ მინერალებზე წვდომა მოსთხოვა. შეთანხმება უკრაინის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ათვისებული სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის სპეციალურ ფონდში შეტანას ითვალისწინებს. ამ ფონდის საკუთრებისა და მართვის უფლებას ორივე ქვეყანა გაინაწილებს.