აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ინაუგურაციაზე ფიცი დადო, რითაც ის, ოფიციალურად, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მისი გამოსვლის მთავარი შინაარსი აშშ-ის გავლენების გაძლიერებასა და წარსული დიდების დაბრუნებაზე იყო ფოკუსირებული.
პირველ სამუშაო დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი 100-ზე მეტ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა, რითაც, ერთი მხრივ, შემოიღო, ხოლო, მეორე მხრივ, გააუქმა არსებული აკრძალვების ნაწილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის ძირითადი ნაწილი აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებს დაეთმო და საგარეო პოლიტიკური საკითხებიდან ძირითადად ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკური ნდობის კრიზისზეც, რაშიც წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მისი განცხადებით, აშშ-მა უნდა შეამციროს საგარეო დახმარება და გაზარდოს შემოსავლები. მისი მუშაობის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა ყველა სახის საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა. შესაბამისად, მისი ადმინისტრაცია გადახედავს აღნიშნული დახმარებების მიზნობრიობას.
მისივე განმარტებით, ამიერიდან აშშ-ის მთავრობა ყველა კრიზისს ღირსეულად და სიძლიერის დემონსტრირებით გაუმკლავდება. 2025 წლის 20 იანვარი დონალდ ტრამპმა ამერიკის მოქალაქეებისთვის „გათავისუფლების დღედ“ შეაფასა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ისაუბრა, რის შედეგადაც ქვეყანაში შესვლის ყველა არალეგალური მცდელობა აღიკვეთება. გარდა ამისა, ტრამპის განცხადებით, მილიონობით არალეგალურ მიგრანტს უკან დააბრუნებენ. მისივე თქმით, აღმასრულებელი ბრძანებით, ყველა ნარკოკარტელი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდება. გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობა გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა უცხოური კრიმინალური დაჯგუფებისა თუ ქსელის ფუნქციონირება აღკვეთოს.
ტრამპის განცხადებით, მყისიერად დაიწყება მუშაობა სამომხმარებლო ფასების შემცირებაზეც. ინფლაციის დასასტაბილურებლად კი ის სამთავრობო ხარჯების შემცირებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტის პრიორიტეტია ენერგორესურსების ფასების ზრდაც. ამ მიზნით, დონალდ ტრამპი ენერგოსექტორში ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ქვეყნის ტერიტორიაზე ენერგორესურსების მოპოვებას გაზრდის.
„ამერიკა კვლავ გახდება მწარმოებელი ერი. ჩვენ გვაქვს რაღაც, რაც არც ერთ სხვა მწარმოებელ ქვეყანას არ აქვს: ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობი და ბუნებრივი აირი დედამიწაზე. და ჩვენ მას გამოვიყენებთ. ჩვენ შევამცირებთ ენერგორესურსების ფასებს და შევავსებთ სტრატეგიულ რეზერვებს, ასევე განვახორციელებთ ამერიკული ენერგორესურსების ექსპორტს მთელს მსოფლიოში. ჩვენ კვლავ მდიდარი ერი ვიქნებით და ამაში თხევადი ოქრო დაგვეხმარება,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ოფისში შესვლის პირველივე დღეს, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის აკრძალვის ბრძანება გააუქმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გააუქმებს ელექტრომობილების სამთავრობო კვოტის მანდატსაც, რათა დაიცვას ადგილობრივი ავტოწარმოება. მისი განცხადებით, დაუყოვნებლივ გადაიხედება საგადასახადო სისტემაც. „სხვა ქვეყნების გასამდიდრებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთის დაწესების ნაცვლად, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და გადასახადებს სხვა ქვეყნებისთვის, რათა გავამდიდროთ ჩვენი მოქალაქეები,“ – განაცხადა ტრამპმა. ამ მიზნით მან საგარეო შემოსავლების სამსახურის შექმნა დააანონსა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზეც და კიდევ ერთხელ ახსენა სამთავრობო ხარჯების ეფექტიანობის დეპარტამენტის დაფუძნებაც, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გაუქმდება ყველა სახის სამთავრობო ცენზურა და აშშ-ში დაბრუნდება გამოხატვის თავისუფლება. მისი განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნა აღარასდროს მოხდება.
მისივე თქმით, 20 იანვრიდან აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიცია იქნება, რომ მხოლოდ ორი გენდერი: მამაკაცი და ქალი არსებობს. გარდა ამისა, ტრამპის ბრძანებით, კოვიდ-ვაქცინაზე უარის თქმის გამო აშშ-ის არმიიდან გათავისუფლებული ყველა პირი კომპენსაციას მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო სტრუქტურების პოლიტიზება დასრულდება და არმია კვლავ მხოლოდ მთავარ მიზანზე, აშშ-ის მტრების დამარცხებაზე ფოკუსირდება. მისი განმარტებით, აშშ-ის კვლავ ყველაზე ძლიერი არმია ეყოლება. წარმატება კი იმით გაიზომება თუ რამდენ ომს დაასრულებენ და რამდენს აირიდებენ თავიდან.
ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქმევა და მას ამერიკის ყურე დაერქმევა, პანამის არხს კი უკან დაიბრუნებს.
დონალდ ტრამპმა ოფისში შესვლის პირველივე დღეს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 1,500 ბრალდებული გაათავისუფლა. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა TikTok-ის აკრძალვის დროებით გაუქმების ბრძანებასაც, რითაც ჩინურ კომპანიას ბიზნესის გასხვისების ვადა გაუხანგრძლივდა.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის ბრძანებასაც.