აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობა კრიპტოვალუტების სამუშაო ჯგუფს შექმნის და ციფრული აქტივების ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს. სამუშაო ჯგუფი კრიპტოვალუტების ეროვნული რეზერვის შექმნის საკითხზეც იმსჯელებს და პრეზიდენტს პოტენციურ გეგმას წარუდგენს.
გარდა ამისა, ტრამპის განკარგულება კრიპტოკომპანიებისათვის შეუფერხებელი საბანკო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსურ სექტორში დიდი ხანია არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მარეგულირებლები საბანკო სექტორს კრიპტოკომპანიებისათვის სერვისების მიწოდებისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ. თუმცა აღნიშნულს აშშ-ის მარეგულირებელი უწყებები უარყოფენ.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტების შექმნასაც კრძალავს, რაც არსებულ კრიპტოვალუტებს პოტენციურად კონკურენციას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერა გახლდათ. ტრამპი აცხადებდა, რომ ის „კრიპტოპრეზიდენტი“ გახდებოდა და კრიპტოაქტივების რეკლამირებას გასწევდა. მისივე იდეა გახლდათ ბიტკოინის ეროვნული რეზერვის შექმნაც. შედარებისათვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას კრიპტოინდუსტრიის მიმართ უფრო მკაცრი რეგულაციები ჰქონდა. მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მარეგულირებლებმა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით კრიპტობირჟების, Coinbase-ის, Binance-ისა და სხვა პლატფორმების საქმიანობები გამოიკვლიეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა საკუთარი მიმკოინი, $TRUMP-იც ჩაუშვა, რომლის ღირებულებაც ამჟამად $34-ს შეადგენს.