ფოტო: Yuri Gripas/Abaca/Bloomberg
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას ვიზიტის პატივსაცემად, ვისკის იმპორტზე ყველა სახის ტარიფი და შეზღუდვა გაუქმდება. ტრამპის განმარტებით, შოტლანდიას კენტუკის შტატთან ვისკისა და ბურბონის საკითხებზე თანამშრომლობის ყველა შეზღუდვას მოუხსნის.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოდან ექსპორტირებულ ყველა სახის ვისკის, მათ შორის ირლანდიურ ვისკისაც ეხება.
ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მწარმოებლებს „სექტორისთვის რთულ პერიოდში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე და დედოფალი შეერთებულ შტატებში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უმასპინძლეს.
შოტლანდიის პირველი მინისტრის, ჯონ სვინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შოტლანდიისათვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად ამ შეზღუდვების გამო მილიონობით გირვანქა სტერლინგს კარგავდა. ჯონ სვინიმ დიდი ბრიტანეთის მეფეს მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამჟამად არსებული 10%-იანი ტარიფის გაუქმების იდეას აქტიურად ლობირებდა იმ არგუმენტით, რომ ეს ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნებოდა. ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი ერთი დისტილერიის ქერის ალაოს ვისკიზე ანუ Single Malt-ზე ზაფხულიდან 25%-იანი ტარიფი დაწესდებოდა. ვისკის აღნიშნული კატეგორია პრემიურ საფასო კატეგორიაში იყიდება და შოტლანდიის ექსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია.

















