ამერიკის პიროტექნიკის ასოციაციის (APA) პროგნოზით, მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფეიერვერკების გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით 4%-ით, შესაბამისად დაახლოებით $100 მილიონით გაიზრდება. APA-ს მონაცემებით, 2022 წელს, სამომხმარებლო ფეიერვერკების გაყიდვებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში $2.3 მილიარდს მიაღწია, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2019 წელს, $1 მილიარდს უტოლდებოდა.
ასოციაციის ანგარიშით, 2020 წელს, პანდემიისას დაწესებული ლოკდაუნის შედეგად, რომელიც საზოგადოებრივი შეკრებების დიდ ნაწილს შეეხო, პროფესიონალური შოუებისთვის გამოყენებული ფეიერვერკების გაყიდვები რადიკალურად, 75%-ით შემცირდა. თუმცა იმავე პერიოდში, შუშხუნებისა და პატარა ზომის ასაფეთქებლების გაყიდვები, 2019 წელთან შედარებით 90%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ღონისძიებებისთვის განკუთვნილ დიდი ზომის ფეიერვერკებს, მისი გაყიდვები პანდემიის რეკორდული ვარდნის შემდგომ აღორძინდა და გასულ წელს, $400 მილიონსაც გადააჭარბა. შედარებისთვის, 2020 წელს, დიდი ზომის ფეიერვერკების გაყიდვებმა მხოლოდ $93 მილიონი, ხოლო 2021 წელს, $262 მილიონი შეადგინა.
APA-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოყენებული სამომხმარებლო ფეიერვერკების 98% ჩინეთში იწარმოება. ფეიერვერკების დამზადების პირობები და გარემო კი, ხშირ შემთხვევაში სახიფათოა. თუმცა მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში წარმოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად ქარხნების უსაფრთხოებასა და წარმოების რეგულაციებთან შესაბამისობას აკვირდება, ამერიკის ფეიერვერკების სტანდარტების ლაბორატორიაა. ლაბორატორია თავადვეა წარმოდგენილი ჩინეთის ტერიტორიაზე, ხოლო სხვა ამერიკელი იმპორტიორები, რეგულარულად სტუმრობენ ჩინეთის ქარხნებს, რათა ინდუსტრიაში ბავშვთა დასაქმების შემთხვევები კვლავ არ დაფიქსირდეს.