Photo by Levi Meir Clancy on Unsplash
27 ოქტომბერს ისრაელში ეროვნული არჩევნებია დაგეგმილი. ცნობისათვის, ისრაელში არჩევნები 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმისა და რამდენიმეწლიანი ომის შემდეგ არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია, ისრაელის ფრაგმენტული პოლიტიკური სისტემის წყალობით, შანსი ყველა კანდიდატს ექნება.
რას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა?
Reuters-ის ინფორმაციით, კვლევების თანახმად, ნეთანიაჰუ არჩევნებს დიდი ალბათობით წააგებს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება თავდასხმის შემდეგ საომარ ვითარებასთან მიმართებით მის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერდა და „ჰეზბოლას“, „ჰამასისა“ და ირანის განადგურებას მოითხოვდა, მის ლიდერობას დაბალი ნდობა აქვს. ისრაელელებისთვის არაპოპულარულია მისი მთავრობის პოლიტიკა რელიგიურ და სახელმწიფოებრივ საკითხებთან მიმართებითაც.
მიუხედავად ამისა, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამარჯვება დაბალი რეიტინგის მიუხედავად არაერთხელ მოუპოვებია. გარდა ამისა, მაღალი რეიტინგით არც სხვა პოლიტიკური პარტიები ან კანდიდატები სარგებლობენ. ამან კი შესაძლოა ნეთანიაჰუს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანოს.
ვინ არიან ნეთანიაჰუს კონკურენტები?
ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს სამი მთავარი კონკურენტი ჰყავს. პირველი – არმიის ყოფილი ხელმძღვანელი გადი ეიზენკოტია, რომელმაც ღაზაში შვილი დაკარგა. მისი სახელი ბოლო პერიოდის კვლევებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეიზენკოტის იმიჯი, როგორც პოლიტიკურად გაწონასწორებული, სამხედრო პირისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლის, თავმდაბალი წარსულითა და ოჯახური მსხვერპლშეწირვით, ნეთანიაჰუს კორუფციულ ბრალდებებთან დიდ კონტრასტშია.
ნეთანიაჰუს კონკურენტებს ყოფილი პრემიერების ნაფტალი ბენეტისა და იაირ ლაპიდის კოალიციაც წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უკანასკნელი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან, მათმა ალიანსმა 2021 წელს ნეთანიაჰუს გადაყენება შეძლო. შედეგად მათ შეძლეს ლიბერალური, კონსერვატორული და ისლამისტურ–არაბული პარტიებისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ფორმირება, რომელმაც 18 თვე იმუშავა.
მესამე კონკურენტი ნეთანიაჰუს გუნდის ყოფილი წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიგდორ ლიბერმანია. მან ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა 2018 წელს იმ მიზეზით დატოვა, რომ პრემიერ-მინისტრი ღაზაში პალესტინელ მებრძოლებთან მიმართებით „ზედმეტად რბილ“ მიდგომებს ავლენდა და მას შემდეგ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია.
როგორ მუშაობს ისრაელის საარჩევნო სისტემა?
ისრაელის პოლიტიკური სისტემა საპარლამენტოა. შესაბამისად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და ხალხი პარლამენტის წევრებს ირჩევს. 120-კაციანი პარლამენტის ფორმირება 4 წელიწადში ერთხელ ხდება. თუმცა პრაქტიკაში, ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე მოწვევის პარლამენტს აქვს შესრულებული საკუთარი მანდატი სრულად, 4 წლის განმავლობაში. როგორც წესი, ის დროზე ადრე იშლება ხოლმე.
რამდენიმე წლის განმავლობაში ისრაელი ხანმოკლე მთავრობებისა და არჩევნების ციკლში აღმოჩნდა, რომელიც 2019 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა, როდესაც ნეთანიაჰუმ მყარი საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა და ხელისუფლებაში ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობის სათავეში დაბრუნდა.
მომავალი არჩევნები ის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც ქნესეთმა სრული ვადა დაასრულა.
რატომ არის ისრაელში კოალიციური მთავრობა?
არჩევნები ისრაელში პროპორციული წესით ტარდება და პარტიას პარლამენტში შესასვლელად 3.25%-იანი ბარიერის გადალახვა უწევს, რაც ავტომატურად 4 მანდატს ნიშნავს. ისრაელის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში საპარლამენტო უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ მოუპოვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიები კოალიციურ მთავრობას აყალიბებენ.
შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისრაელში გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო კოალიციური მთავრობები იშლება. ეს კი პატარა პარტიებს დიდ გავლენას აძლევს იმაზე, თუ ვინ დაინიშნება პრემიერ-მინისტრად და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ის დაკავებულ თანამდებობას. ამ მიზეზით, ისრაელის პრემიერ-მინისტრებს ხშირად სხვადასხვა სექტარიანულ მოთხოვნებთან უწევთ გამკლავება, რათა საკუთარი ხელისუფლება შეინარჩუნონ.
მაგალითად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლიტიკური „გადარჩენისთვის“ უმეტესად ულტრაორთოდოქს ებრაულ პარტიებს ეყრდნობოდა. მათთვის გამოტანილი საგამონაკლისო წესები კი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყანაში საზოგადოების განხეთქილების მიზეზი გამხდარა. მაგალითად ასეთი გამონაკლისია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან მათი გათავისუფლება. ~
ვინ არიან მთავარი პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ?
პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი კანდიდატების წარსადგენად დრო სექტემბრამდე აქვთ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობაში შემდეგი პარტიები შედიან: მისივე მემარჯვენე პარტია „Likud”-ი, ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩის „რელიგიური სიონიზმი“ და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირის ულტრამემარჯვენე პარტია „ებრაული ძალა“.
საინტერესოა, რომ ორმა პარტიამ – ულტრაორთოდოქსულმა ებრაულმა პარტიებმა „გაერთიანებული თორას იუდაიზმი“ და „Shas” – მთავრობის შემადგენლობა 2024 წელს დატოვა.
რაც შეეხება ნეთანიაჰუს კონკურენტების პარტიებს: ეიზენკოტის პარტია „Yashar”-ი იქნება, ბენეტისა და ლაპიდის ალიანსი პარტია „ერთად“-ის სახელით გავა არჩევნებზე, ლიბერმანის პარტია კი „ისრაელი ჩვენი სახლი“ იქნება.















