წელს ქართულმა ბანკებმა უკვე 584 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

წელს ქართულმა ბანკებმა უკვე 584 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2021 წელს საქართველოს საბანკო სისტემამ 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ იანვარ-აპრილში საბანკო სისტემის მოგებიანობა გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი – 173 მილიონი ლარის წმინდა მოგება სწორედ აპრილში დაფიქსირდა.

კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის ოთხ თვეში ბანკებმა შემოსავლის სახით 1.82 მილიარდი ლარი მიიღეს, აქედან საპროცენტო შემოსავალი 1.47 მილიარდი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეებმა თავიანთ სესხებზე იანვარ-აპრილში 763 მილიონი ლარის პროცენტი გადაიხადეს, იურიდიული პირების მიერ გადახდილი პროცენტი კი 531 მილიონი ლარი იყო.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 355 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 421 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 237.5 მილიონი ლარი დახარჯეს.

ამასთან, ბანკებმა თანამშრომლებზე ხელფასების სახით 241 მილიონი ლარი გასცეს. მთლიანობაში საბანკო სისტემამ 640 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 55.7 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

ამ დროისთვის ქართულ ბანკებში 36.35 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული. ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 39 მილიარდი ლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *