წინანდალი: მომაჯადოებელი საღამო კახეთში

წინანდალი: მომაჯადოებელი საღამო კახეთში

მომხიბლავი გამოცდილებაა ზაფხულის საღამოს მოუსმინო ჩაიკოვსკის მუსიკას ახალ, 1000-კაციან, ღია ამფითეატრში ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით, რომელსაც ზუბინ მეტა დირიჟორობს. ძნელი წარმოსადგენია უფრო იდუმალი და ემოციური შეხება კლასიკურ მუსიკასთან. კონცერტი თბილისიდან ორსაათნახევრის სავალზე, წინანდლის მამულებში ჩატარდა იმის აღსანიშნავად, რომ აქ 2019 წლიდან კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიდებს ბინას. 

ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი წინანდალში

რამ შეკრიბა ამ დღეს წინანდალში ათასზე მეტი სტუმარი, ისრაელის ორკესტრის სრული შემადგენლობა და მაესტრო ზუბინ მეტა? ეს იყო იდეის ძალა და ადამიანები, ვისაც ხედვაც გააჩნიათ და ამ იდეის ხორცშესხმის უნარიც.

მოკლე ისტორიული დისკურსი: წინანდალი ქართველი პოეტისა და არისტოკრატის, ეკატერინე დიდის ნათლულის, ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786–1846) მშობლიური სოფელი იყო. მამის, თავად გარსევანისგან, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 1818 წელს, ალექსანდრე ჭავჭავაძემ აქ იტალიური სტილის სახლი ააგო ევროპული დეკორატიული ბაღებით, რომელსაც ალექსანდრე დიუმა უფროსმა “ედემის ბაღი” უწოდა.

წინანდალში ჭავჭავაძემ ასევე საქართველოს უძველესი და უდიდესი ღვინის ქარხანა ააგო.  მან პირველად საქართველოს ისტორიაში, ბოთლში ჩამოასხა თავისი მამულების ღვინო, რომელიც  დიდი მოწონებით სარგებლობდა. განსაკუთრებით ცნობილია წინანდლის თეთრი ღვინო, რომელიც დღემდე იწარმოება. მე-19 საუკუნის ბოლოს ჭავჭავაძეების მამული რუსეთის მეფის საკუთრება გახდა. რუსეთის რევოლუციის და მოგვიანებით, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, წინანდლის მამული საბჭოთა მოხელეების დასასვენებელ სახლად იქცა. 1947 წლიდან აქ მუზეუმი დაარსდა, თუმცა, მოგვიანებით მან ფუნქცია დაკარგა და მოუვლელობის გამო განადგურების ზღვარზე მივიდა. 

რაც შეეხება ხედვას: გიორგი რამიშვილმა, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო და ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ლიდერი გახდა საქართველოში. რამიშვილი “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელია, მისი თქმით, კომპანიამ პირველ წარმატებას “ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებაში” მიაღწია. როგორც რამდენიმე თანამშრომელმა მითხრა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რამიშვილმა შეძლო წარმატებით განეხორციელებინა ნავთობითა და საწვავით ვაჭრობა და უსაფრთხო  ტრანსპორტირება რეგიონის მასშტაბით ყაზახეთში, ირანში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქმენეთსა და ავღანეთში. 

გიორგი რამიშვილი წინანდალში

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ გააძლიერა კავშირები დასავლეთთან და “სილქ როუდ ჯგუფი” წარმატებით ახორციელებდა ავღანეთში ამერიკული ძალების მომარაგების პროექტს. კომპანიის ვებ-გვერდის მონაცემებით, ისინი განაგრძობენ ავღანეთში გაერთიანებული ძალებისთვის საავიაციო საწვავისა და კონტეინერული ტვირთის მიწოდებას.

ამ წარმატებას ბიზნეს-ინტერესების გაფართოება და საქართველოში ინვესტიციები მოჰყვა. „სილქ როუდ ჯგუფის“ სახელს უკავშირდება თბილისში სასტუმრო „რადისონ ბლუ“, ქართულენოვანი ჟურნალი National Geographic, რომლის გამოცემაც 2012 წლიდან დაიწყო, ასევე სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმი” ზღვისპირა ბათუმში (საქართველოს მნიშვნელობით მეორე ქალაქში). 2010 წლიდან ბათუმში მრავალი მაღალსართულიანი შენობა და სასტუმრო აშენდა, შერატონისა (2010) და რადისონ ბლუს (2011) ჩათვლით. აქვეა სასტუმროები გრანდ ჰოტელ კემპინსკი და ჰილტონი. 2012 წელს, რათა დაედასტურებინა ბათუმის, როგორც საერთაშორისო კლასის საცხოვრებელ სექტორში ინვესტირებისთვის შესაფერისი ადგილის სტატუსი, “სილქ როუდ ჯგუფმა” ბათუმში “ტრამპ თაუერის” აშენების შესახებ გამოაცხადა; მაშინ სწორედ ამ მიზნით ესტუმრა დონალდ ტრამპი ბათუმს. 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპის ორგანიზაციასთან გარიგება გაუქმდა, თუმცა “სილქ როუდ ჯგუფი” ახლა უკვე „სილქ როუდ თაუერის“ აშენებას გეგმავს. (შენიშვნა: “ნიუ იორკერში” ბოლო დროს გამოქვეყნებულმა სტატიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბათუმში ტრამპის გარიგების დაფინანსება და მიანიშნა, რომ ამ საკითხის გამოძიებას შეიძლება, პროექტის ინვესტორების საშუალებით, გამოეკვეთა ტრამპის კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან; თუმცა, სტატიაში ამგვარი სპეკულაციები დაუდასტურებელი რჩება და ყველამ,  ვისაც კი ვესაუბრე ამის შესახებ საქართველოში და “სილქ როუდ ჯგუფში”, ეს სპეკულაციები აბსოლუტურად უარყო). 

წინანდლის საკონცერტო დარბაზი

დავუბრუნდეთ წინანდალს: დაახლოებით ათი წლის წინ, რამიშვილმა გააფორმა  ჭავჭავაძის მამულის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება მისი აღდგენის და კულტურულ და ტურისტულ ცენტრად გარდაქმნის მიზნით. სმითსონიანის ინსტიტუტთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშროლობით, დაიწყო ბაღებისა და სახლის ძირითადი ნაწილის აღდგენა. მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდა; მოეწყო პატარა დასასვენებელი სახლი/სასტუმრო; აღდგა ისტორიული ვენახები, განახლდა ღვინის წარმოება, აღდგა და მარაგით შეივსო ღვინის მარანი. რამიშვილის რწმენით, თუ ქართველები იგრძნობენ, რომ წინანდალი მათ ეკუთვნით, ნამდვილად მოვლენ, ეწვევიან ამ ადგილს. საზოგადოებრივი მხარდაჭერა პროექტის მიმართ დიდია, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ 2016 წელს წინანდალს 100 000 სტუმარი ჰყავდა.  

და მაინც, რამიშვილი განაგრძობდა იმ გზების ძებნას, რაც წინანდალს უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენდა, რაც მეტად მოიზიდავდა ტურისტებს როგორც რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან. ის გაემგზავრა ვერბიეში და შეხვდა მარტინ ენგსტრომსა და ავი შოშანის, კლასიკური მუსიკის სამყაროში ორ ცნობილ ფიგურას და ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამაარსებლებს.

როგორც შოშანიმ აღნიშნა, ენგსტრომი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტების აგენტი, ვისაც პარიზში შეხვდა და დაუმეგობრდა. ენგსტრომს სახლი ჰქონდა ვერბიეში, სადაც შოშანი მას ზაფხულში ესტუმრა. ვერბიე შვეიცარიის ცნობილი სათხილამურო კურორტია, რომელიც ზამთრის სეზონზე ყოველთვის სავსე იყო, მაგრამ საჭიროებდა ზაფხულში ვიზიტორების მოსაზიდი გზების მოფიქრებას. ენგსტრომმა შესთავაზა შოშანის, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალურ დირექტორს, ზაფხულის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მოწყობა, რასაც მათ 1994 წელს ერთად ჩაუყარეს საფუძველი. წარმატების საწინდარი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ რამოდენიმე კომპონენტის მომცველი ფესტივალი დაარსეს: “ჩვენ გვაქვს აკადემია, სადაც ადამიანები განათლებას იღებენ,” განგვიმარტა შოშანიმ, “ჩვენ გვყავს ჩვენი ორკესტრი, რომლისთვისაც წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონკურსის საფუძველზე ვარჩევთ და ჩვენი ასაკობრივი ზღვარია 18-29 წელი. ჩვენ ვატარებთ მასტერ-კლასებს და გვაქვს ბევრი კამერული მუსიკა, რომელსაც უჩვეულო კომბინაციებში ვთავაზობთ, როგორც, მაგალითად, ისააკ სტერნი ნატალია გუტმანთან, ან გიდონ კრემერთან ერთად, ან იეფიმ ბრონფმანთან, და ა.შ. რითაც ვამაყობთ, ის არის, რომ, როდესაც აღმოვაჩენთ ახალ ტალანტებს, მათ ბოლომდე მივყვებით და აღიარებას და მსოფლიო მნიშვნელობას რომ შეიძენენ, ბრუნდებიან ვერბიეში იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ; ასე იკვრება წრე.”

“გვჯერა, რომ განათლება აერთიანებს ადამიანებს მუსიკის მოსასმენად,” მითხრა შოშანიმ. “კონცერტის დასრულების შემდეგ, ყველა ღიმილით ტოვებს დარბაზს.”

რამიშვილზე ვერბიემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან შესთავაზა ენგსტრომსა და შოშანის საქართველოში, წინანდალში, მსგავსი ტიპის ფესტივალის მოწყობა, რომლის დაფინანსებასაც თავად უზრუნველყოფდა. “ჩვენ ვთქვით, მოდი, წავიდეთ, და ვნახოთ ადგილი. ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” იხსენებს შოშანი. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ წინანდალი და რამიშვილთან ერთად, ენგსტრომი და შოშანი აღფრთოვანდნენ იმ იდეით, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ფესტივალს რეგიონისთვის. 

“მთავარია იდეა ის არის, რომ გვინდა პანკავკასიური [ახალგაზრდული] ორკესტრის შექმნა. გვსურს გამოვიყენოთ მუსიკის საერთაშორისო ენა რომ მოვიწვიოთ დიალოგისთვის ის ქვეყნები, რომლებსაც ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ,” განმარტა შოშანიმ. “ჩვენ გვინდა ჩვენს სცენაზე ერტად გვყავდეს მუსიკოსები თურქეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეჩნეთიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან. და ვიცი, რომ ეს შესაძლებელია, როცა ერთ ენაზე, მუსიკის ენაზე, ლაპარაკობ; აღმოაჩენ, რომ ადამიანებს ელაპარაკები, და რომ მათთან დამეგობრება შეგიძლია.”

კიდევ ერთი სიახლე,  რომელსაც რამიშვილი წინანდალში გეგმავს, არის კამპუსის მშენებლობა ვიზოტორი სტუდენტებისთვის, ორკესტრის წევრებისთვის და სტუმარი შემსრულებლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ თანაცხოვრებას, შეძლებენ ურთიერთობას. აქვე იქნება თანამედროვე სასტუმრო „რადისონ ბლუ“, ასევე ვენახები და ღვინის მარანი. “ჩემი ოცნებაა, ამ ადგილას საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი დაარსდეს და ყველაფერ ამას ცოტაოდენი ღვინის სურნელი დაემატოს”, – ამბობს რამიშვილი.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ $5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო წინანდლის ფესტივალის დასაფინანსებლად. რამიშვილმა ასევე მოიპოვა საქართველოს საპარტნიორო ფონდის და OPIC-ის  მხარდაჭერა და დაფინანსება სასტუმროსთვის „რედისონ ბლუ წინანდალი“.

შოშანი დარწმუნებულია, რომ ისინი შეძლებენ ფესტივალის წარმატების უზრუნველყოფას. “ჩვენ შემოვიტანთ იმას,  რისი გაკეთებაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოვიზიდოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. მე და მარტინი, ჩვენ-ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მთელი მუსიკის სამყაროს ვფარავთ.” შოშანის სჯერა, რომ პანკავკასიური [ახალგზარდული] ორკესტრის იდეა ამ წამოწყების უმთავრესი მამოძრავებელი  კონცეფციაა. “ისტორიის შექმნა და მშვიდობის დამყარება [რეგიონში] არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ.” “კულტურა ძალიან კარგი მაკავშირებელი საშუალება იქნება ამ ახალგაზრდა ადამიანებისთვის და მჯერა, ამ კულტურულ ინიციატივას ძალიან დადებითი შედეგი ექნება რეგიონისთვის… ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში,” დაამატა რამიშვილმა. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ტურიზმმა საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა, წელს კი საქართველოს დაახლოებით 6 მილიონი უცხოელი ტურისტი ესტუმრა;  იმედია, რომ წინანდლის ფესტივალი საქართველოში კიდევ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს.

რაც გვაბრუნებს კონცრტთან, რომელიც 14 სექტემბერს ჩატარდა ახლადაშენებულ, 1000-ადგილიან ამფითეატრში; საღამოს (ისევე, როგორც პრეს ტურის, რომლის საშუალებითაც აქ მოვხვდი) სპონსორებს შორის არიან რამიშვილი და “სილქ როუდ ჯგუფი”. ნაგებობის დიზაინი აერთიანებს  უძველეს ქვის კედლებს, რომელიც მიანიშნებს შუა საუკუნეების ხანის ნანგრევებზე, რაც ასე ხშირად გვხვდება კახეთში, განათებას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია, არაჩვეულებრივ აკუსტიკას და კონსოლურ სახურავს.

ზუბინ მეტა 80 წლისაა, მაგრამ ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი არტისტის მსგავსად, როდესაც სცენაზე გამოდის, ის უეცრად წელში სწორდება, ნაბიჯიც უფრო მტკიცე აქვს და თითქოს წლებიც სადღაც ქრება. ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორკესტრია და მისი მუსიკოსებიც ნამდვილი ვირტუოზები არიან თავიანთი რეპერტუარის შესრულებაში. ამის მიუხედავად, საოცრად ამაღელვებელი იყო, როდესაც მათ შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, იგრძნობოდა, რას ნიშნავს ქართველი მსმენელისთვის ჰიმნის მოსმენა ამ ისტორიულ ადგილას. შემდეგ  ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა “ჰატიკვა”, ისრაელის ეროვნული ჰიმნი, შეასრულა, რომელსაც მეტა უდიდესი ემოციით წარუძღვა (დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ “ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მეგობრები” ინგლისიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, დავინახე, ზოგიერთი მათგანი როგორ იწმენდდა თვალზე ცრემლს).

საღამო ორ მოქმედებად წარიმართა. პირველ ნაწილში ორკესტრმა ენესკუს, შუმანის, ლისტისა და დებიუსის ნაწარმოებები შეასრულა საყოველთაოდ ცნობილ ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად (რომელიც წინანდლის ფესტივალის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია).  ბუნიათიშვილი ცნობილია თავისი მგზნებარე და შთამბეჭდავი შესრულებით. აქ, შუმანის საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისას, მან გაცილებით მშვიდი, მგრძნობიარე მხარე გამოავლინა. თუმცა, თაყვანისმცებლების მოლოდინი არ გააწბილა და პროგრამის უფრო ცეცხლოვანი ნაწილები ჩვეული ემოციურობით შეასრულა. საღამოს მეორე ნაწილი ჩაიკოვსკის ეკუთვნოდა, რითიც მსმენელმა ძალიან ისიამოვნა და მხურვალე აპლოდისმენტებიც არ დაიშურა. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Medici.Tv-ზე (სადაც მისი ნახვა დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი).

მომაჯადოებელი საღამო ლეგენდარულ მამულში ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან და ზუბინ მეტასთან ერთად, მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც ბევრ უცხოელს ჯერ კიდევ სანახავი აქვს – ეს ნამდვილად დაუვიწყარია. ენგსტრომის, შოშანისა და რამიშვილის კომბინაცია – ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. რაც შეეხება წინანდლის ფესტივალს, თავისი ახალი სასტუმროთი, აღდგენილი ბაღებით, ენოთეკით და ვენახებით, და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის დაპირებით – ნამდვილად ღირს ჩაინიშნოთ თქვენს კალენდარში, რომ 2019 წელს ფესტივალს ეწვიოთ.   

Forbes.com 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *