წლის დასაწყისიდან "შავ სიაში" 294 კომპანია მოხვდა

წლის დასაწყისიდან "შავ სიაში" 294 კომპანია მოხვდა

შესყიდვების სააგენტოს “შავ სიაში” წლის დასაწყისიდან 294 კომპანია მოხვდა. ჯამში კი ბოლო 1 წლის განმავლობაში შავ სიაში 475 კომპანია შევიდა.

საქართველოს კანონის მიხედვით, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 

მხოლოდ 2018 წელს შავ სიაში მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შესყიდვების სააგენტოში 607 მიმართვა შევიდა. აქედან 403 შემთხვევაში მიმწოდებლები დარეგისტრირდნენ შავ სიაში, ხოლო 143 მიმწოდებელს მიეცა გაფრთხილება. 

გასულ წელს, “შავ სიასთან” დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გატარდა. კერძოდ, ტენდერში ან კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტი, რომელიც უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე აღარ დაექვემდებარება შავ სიაში დარეგისტრირებას.

“შავ სიასთან” ერთად, შესყიდვების სააგენტო კომპანიების “თეთრ სიასაც” აწარმოებს. 2018 წელს თეთრ სიაში რეგისტრაციასთან და რეგისტრაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით სააგენტომ ჯამში 127 გადაწყვეტილება მიიღო.  

ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაიგზავნა 1,815 წერილი. აქედან, 116 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში სააგენტო შემოიფარგლა წერილობითი მითითებით-რეკომენდაციით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *