ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

Facebook-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი თანამშრომლებს მადლიერების დღესთან დაკავშირებით ერთკვირიან არდადეგებს აძლევს. ამის შესახებ ცუკერბერგმა თანამშრომლებს უკვე მისწერა. როგორც CNBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი იმის დასტურია, რომ ის თანამშრომლებს აჯილდოებს ამ “უპრეცედენტო გამოწვევების“ პერიოდში შესრულებული უდიდესი სამუშაოსთვის.

როგორც თანამშრომლებისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, ცუკერბერგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიაში დასაქმებულებს დამატებით სამ დღეს აძლევს დასვენების საშუალებას.

“ამის მიზანი არის ის, რომ მივცეთ ბევრ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, შეძლებთ “გათიშვას“ სამუშაო პროცესიდან და დაისვენებთ, და შემდეგ წელიწადს უკვე აღდგენილი ენერგიით დავასრულებთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

ცნობისთვის, Facebook-ის თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდანვე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. კომპანიამ რთული პერიოდი გამოიარა, ეს ეხებოდა დეზინფორმაციების და პოლიტიკური პოსტების გავრცელებას სოციალურ ქსელში, რის გამოც Facebook-ი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

მაისსა და ივნისში, კომპანიის თანამშრომელთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა  Facebook-ი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის არ აღების გამო, რომელიც ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის შემდეგ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ეხებოდა.