ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Twitter-მა დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა, მისი მფლობელი ილონ მასკის “X” კორპორაცია გახდა, რომელიც ჰოლდინგის როლს ასრულებს.
სოციალური ქსელი ამჟამად დაახლოებით 1,500 თანამშრომელს ასაქმებს, ნაცვლად 8,000-ისა. მიუხედავად ხარჯების დრამატული შემცირებისა, მასკის განცხადებით, Twitter-ი მოგებაზე ვერ გადის და ის მხოლოდ ხარჯების დასაფარად საჭირო მოცულობის შემოსავლების გენერირებას ახერხებს.
$44 მილიარდად სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ, ილონ მასკი მიზნად ახალი სუპერ აპლიკაციის შექმნას ისახავს, რომლის სახელწოდება X იქნება.
სუპერ აპის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის მიერ შექმნილი პლატფორმა WeChat-ია, რომელიც მილიარდამდე მომხმარებელს ასამდე სერვისს სთავაზობს. სუპერ აპი სოციალურ ქსელს, საკომუნიკაციო პლატფორმას, ონლაინ მარკეტს, გართობის პლატფორმებს, ტაქსის გამოძახების სერვისს, რუკას და სხვა ასობით ისეთ აპლიკაციასა თუ ფუნქციას აერთიანებს, რომელთაც ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
სუპერ აპლიკაციას პრაქტიკულად ულიმიტო კომერციალიზაციის შესაძლებლობები აქვს, რასაც, ცხადია, ყველაზე კარგად სწორედ ილონ მასკი აცნობიერებს, რომელსაც ამბიცია არა მარტო მილიარდერობაზე, არამედ ტრილიონერობაზეც აქვს.
Twitter-ი მასკის ამბიციურ გეგმაში საკვანძო როლს ასრულებს, სწორედ ეს იქნება ის ფუნდამენტი, რომელზეც აპლიკაცია „X“ დაშენდება. მოგეხსენებათ, სუპერ აპლიკაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქტიურ მომხმარებელთა დიდი ბაზა, როგორთან წვდომაც ტექნოლოგიურ გიგანტებს, უმსხვილეს ბანკებსა და სოციალურ ქსელებს აქვთ.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბანკის შესაძენად საკმარისი კაპიტალი ილონ მასკს არ აქვს; Apple-ის, Google-ისა თუ Microsoft-ის შეძენა უბრალოდ გამორიცხულია; რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, კომპანია Meta და ცუკერბერგი Facebook-სა თუ Instagram-ს არასოდეს დათმობენ; Twitter-ი კი ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ალტერნატივაა, რომელსაც 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და, რაც მთავარია, ის საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობს, განსხვავებით ჩინური TikTok-ისა.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ილონ მასკმა თავისი სუპერ აპლიკაციისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ სოციალურ ფუნდამენტი შეიძინა, რომელზეც მომავალში Tesla-სა თუ SpaceX-ის ახალი პროდუქტები დაშენდება.