უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში მდებარე ავიაბაზაზე მაღალტექნოლოგიური მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 დააზიანეს. თუმცა სააგენტო არ ასაჯაროებს, თუ რა გზით ან რომელმა დანაყოფმა დააზიანა სამიზნე.
რუსი ბლოგერების ინფორმაციით, Su-57 დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, გამანადგურებელი ახტუბინსკის ავიაბაზაზე დააზიანეს, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან 589 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ცნობისთვის, უკრაინის შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიას რუსეთის სიღრმეში თავდასხმების განსახორციელებლად შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენება წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რუსული მხარე დაზიანებული Su-57-ის აღდგენას, ან რა სახისაა დაზიანება. თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის მოწინავე ტექნოლოგიის, უახლესი თაობის გამანადგურებელი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის სამხედრო ბლოგერები ანგარების ნაკლებობას ასახელებენ.