უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Enterprise Weekly-ის რედაქტორის, ანდრი ბოიცუნის, განცხადებით, უკრაინული ენერგოკომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა აუცილებელი ბოროტებაა. ბოიცუნის აზრით, ერთადერთი გამოსავალი აღნიშნული ვითარებიდან ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროგრამა იქნება. თუმცა, სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა ჯერჯერობით მზად არ არის ამგვარი ცვლილებებისათვის. ამის კი, მისი განმარტებით, ორი მიზეზი აქვს. პირველის თანახმად, სახელმწიფოში არ არსებობს ბაზარი, ხოლო მეორეს მიხედვით, არ არსებობს არც მთავრობის რეგულაციები კერძო მონოპოლიების უფლებამოსილების შესაზღუდად.
DTEK-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ედუარდ ჩოუს მოსაზრებით, სახელმწიფო საკუთრება არა მიზანმიმართული პოლიტიკა, არამედ საბჭოთა მემკვიდრეობაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინელმა პოლიტიკოსებმა საკმაოდ მოსახერხებლად მიიჩნიეს ეს პოლიტიკა ამგვარ კომპანიებზე კონტროლის დასამყარებლად.
ჩოუს განმარტებით, ბაზრის არარსებობის კიდევ ერთი ინდიკატორი წარმოების ტემპებია. უკრაინაში ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოება ხდება. თუმცა ფასების ცვლის მიუხედავად წარმოების ტემპები არ იცვლება. გარდა ამისა, უკრაინას შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად კიდევ 10 მილიარდი ან მეტი კუბური მეტრი გაზის იმპორტი ესაჭიროება.
უკრაინის 15 ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიიდან, ხუთი ენერგოსექტორში მოღვაწეობს, თუმცა სახელმწიფო მათ მართვას ეფექტიანად ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ბოიცუნის აზრით, უკრაინულმა პოლიტიკამ კიდევ დამატებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო საწარმოებს და დაუცველი გახადა კორუფციის, ჩარევის, პოპულისტური მენეჯმენტისა და ფასების ზეწოლის მიმართ. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი, ექსპერტების აზრით, პრივატიზაციის ტემპების კიდევ უფრო დაჩქარებაა.