უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის, განცხადებით, რუსული პროექტი Nord Stream 2 რეალურ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროკავშირისა და უკრაინისათვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთლიანი ენერგობაზრისთვისაც.
„ეს გახლავთ სრულიად ანტიუკრაინული, ანტიევროპული, ანტიამერიკული და ანტისაბაზრო პროექტი. ის დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა იაცენიუკმა ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ვაშინგტონში.
მისი თქმით, ის ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა. იაცენიუკის განცხადებით, Nord Stream 2-ის პროექტი უკრაინისათვის ეკონომიკურადაც წაგებიანია. მისი ფუნქციონირების შემთხვევაში უკრაინა ყოველწლიურად სატრანზიტო გადასახადების სახით $2 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს. აღნიშნული თანხა თითქმის იდენტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამისა უკრაინისათვის. გარდა ამისა, ყოფილი პრემიერის აზრით, პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მიუღებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე.
პროექტი საფრთხეს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესებსაც უქმნის. იაცენიუკის განცხადებით, შეერთებული შტატები დაკარგავს საკუთარ წილს ევროკავშირისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში. შესაბამისად, ევროკავშირისათვის უმჯობესი იქნება, ენერგოურთიერთობა არა რუსეთთან, არამედ შეერთებულ შტატებთან გააღრმაოს.
Nord Stream 2 რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს უჩენს ევროპის ენერგობაზრის გასაკონტროლებლად. გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპაში გაზის ტარიფების ზრდაც, იაცენიუკის აზრით, სწორედ რუსეთის მანიპულაციების შედეგია.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელსაც არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ქმედება უწოდა. მისი განცხადებით, პროექტი პოლონეთისა და სლოვაკეთის ენერგოუსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს.