გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ დღე უმედლოდ დაასრულა. ჩვენი ქვეყნის სახელით ოთხმა სპორტსმენმა იასპარეზა – გიორგი სარდალაშვილმა (ძიუდო), ნინო სალუქვაძემ (იარაღიდან სროლა), სანდრო ბაზაძემა (ფარიკაობა) და ანა ნიჟარაძემ (ცურვა). აღსანიშნავია, რომ გიორგისა და ანასთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო.
გიორგი სარდალაშვილმა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა. ნინო სალუქვაძემ კი 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის შეჯიბრში მომდევნო ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო. მედლისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გამოეთიშა მოცურავე ანა ნიჟარაძე 100 მეტრის დისტანციაზე ბატერფლაის ტურნირში. ოლიმპიური მედლის მოგების შანსი დაკარგა სანდრო ბაზაძემ, რომელიც მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან ანგარიშით 14:15 დამარცხდა.
დღეს ოლიმპიადაზე საქართველოს სამი სპორტსმენი წარმოადგენს – ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს; მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ტაჯიკ მეტოქეს, დავლათ ბოლთაევს დაუპირისპირდება; ნოე ფანცხავა, რომელიც გულაღმა ცურვის დისციპლინაში 16 საუკეთესო მოცურავეს შორის მოხვედრას შეეცდება.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.