უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Binance-ის 200-მილიონიანი ინვესტიცია Forbes-ში

უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Binance-ის 200-მილიონიანი ინვესტიცია Forbes-ში

10 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდმა კრიპტოსავაჭრო პლატფორმა  Binance-მა ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალ Forbes-ში 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული ინვესტიცია Binance-ის მფლობელი ჰოლდინგის, Binance Holding Ltd-ის სახელით განხორციელდა. მსგავსი სიახლეების მომსწრენი ყოველდღე არ ვხდებით. განსაკუთრებით კი ისეთი სიახლეებისა, როცა ყველაზე ახალგაზრდა ტექინდუსტრიაში – კრიპტოვალუტებში ოპერირებადმა კომპანიამ 100-წლოვან ჟურნალში ინვესტირება გადაწყვიტა.

ახალმა ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ვერ ხვდება, თუ რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან კრიპტოინდუსტრია და ახალი ამბები. ეს განცვიფრება ბუნებრივიცაა. ბლოკჩეინტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ინტეგრირებას. და ჩვენც ყოველდღე ვრწმუნდებით იმაში, რომ ინდუსტრია სულ მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ინტერესები აქვს Binance-ს Forbes-ში,  ამის შესახებ ამ სტატიაში მოგიყვებით.

ალბათ ერთი წლის წინ Forbes-ის სამეთვალყურეო საბჭო ვერ წარმოიდგენდა, თუ მათ რიგებს 2022 წლიდან Binance-ის წარმომადგენლებიც შეუერთდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც ყველა ტრანზაქცია დაიხურება, Forbes-ის საბჭოს Binance-ის კომუნიკაციების მთავარი ხელმძღვანელი, პატრიკ ჰილმანი და Binance-ის ვენჩურული კაპიტალის ფრთის, Binance Labs-ის ხელმძღვანელი ბილ ჩინი შეუერთდებიან.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს Forbes-მა აქციების საჯაროდ განთავსებაც გადაწყვიტა. პროცედურული დეტალების მოგვარების შემდეგ კი Forbes-ის აქციებით ვაჭრობა 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იქნება შესაძლებელი. თავადაც ხედავთ, რომ Forbes-ი ბოლო დროს სტანდარტული ჟურნალის პორტფოლიოდან ძლიერ ბიზნესგაერთიანებად გადაქცევას ცდილობს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის მოტანა, არამედ ბიზნესგანვითარებაც იქნება.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ Forbes-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაც, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს Binance-თან, სწორედ მომავალ გეგმებს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომაც გააკეთა. CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩჟაომ აღნიშნა, რომ Forbes-ის სარედაქციო პოლიტიკა კვლავ დამოუკიდებლად განაგრძობს ოპერირებას. როგორც ჩანს, ჩანპენ ჩჟაომ აღნიშნული განცხადება გავრცელებული ჭორების გასაფანტად გააკეთა, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, Forbes-ი მომავლიდან კრიპტოინდუსტრიის მიმართ მეტად ლოიალური გახდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებებმა საკითხთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მან CNBC-სისთვის მიცემულ ინტერვიუში Forbes-ის სამომავლო განვითარებაში Binance-ისა და მისი გუნდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩჟაოს განმარტებით, Binance-ი ორგანიზაციას საკუთარი კრიპტო- და ბლოკჩეინსტრატეგიების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დაეხმარება. კონკრეტულად კი NFT-ების უკვე სიღრმისეულად კვლევაში, ReadtoEarn-სპეციფიკის (წაიკითხე რათა გამოიმუშაო)  შემოღებასა და ჟურნალის გამოწერის საფასურის Bitcoin-ით გადახდის დაშვებაში.

Binance-ის ინვესტიციის თაობაზე კომენტარი Forbes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ფედერლიმაც გააკეთა. „Forbes-ი უკვე გახლავთ რესურსი ციფრული აქტივების სამყაროში დაინტერესებული ადამიანებისათვის. Binance-ის ინვესტიციის შემდეგ კი ჩვენ დამატებით გვექნება მსოფლიოს წამყვანი კრიპტოსავაჭრო პლატფორმის გამოცდილება, ქსელი და რესურსებიც“, – აღნიშნა მან.

ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, თუ რა მარტივად და ეფექტიანად შეიძლება განხორციელდეს Web3-ის ტრადიციულ ბიზნესში ინტეგრაცია. Forbes-ი კი, დარწმუნებული ვარ, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.