შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა. 18.5%-ზე მაღალი უმუშევრობა მხოლოდ 9 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულშია, ესენია: სამხრეთი აფრიკა – 28.7%, დასავლეთი სანაპირო და ღაზა – 27.4%, ლესოტო – 24.6%, ესვატინი – 23.4%, გაბონი – 20.5%, ნამიბია – 20.4%, სენტ-ვინსენტი და გრენადინები – 20.3%, სომხეთი – 20.2% და ლიბია – 19.4%.
მაშინ როდესაც მსოფლიო დონეზეც კი ქვეყანა გამორჩეულია უმუშევრობის დონით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს უმუშევრად თვლის. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია, ამიტომ არის ასეთი დიდი აცდენა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელსა და სოციოლოგიური გამოკითხვით დაფიქსირებულს შორის.
უმუშევრობის დონე იანგარიშება იმის მიხედვით, თუ სამუშაო ძალიდან (15 წლის და მეტი ასაკის მქონე მოსახლეობა, რომელსაც შრომის უნარი და სურვილი აქვს), რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი. 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.6% იყო. 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და მთლიანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირებას სამუშაო ადგილების კლება მოჰყვა. დასაქმებულების რაოდენობა 54 ათასით შემცირდა, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩნენ უმუშევრად.
გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ პანდემიას არ გაუზრდია. ამასთან ერთად შეიცვალა უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია, რის შედეგადაც ბევრი ისეთი ადამიანი ჩაითვალა უმუშევრად, რომლებიც მანამდე ძირითადად თვითდასაქმებულად ითვლებოდნენ. ახალი მეთოდოლოგიით, საკუთარ საოჯახო მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან. ძველი მეთოდოლოგიით, 2019 წელს უმუშევრობა 11.6% იყო, ახალი მეთოდოლოგიით კი 17.6%-მდე გაიზარდა. ასევე დაკორექტირდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მთელი წლის განმავლობაში საქართველოში 282 ათასი ადამიანი იყო უმუშევარი. თუმცა მათი რიცხვი მე-4 კვარტალში მაქსიმუმს, 308 ათასს აღწევდა, რაც სამუშაო ძალის 20.4% იყო. 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა, უმუშევარი იყო 318 ათასი ადამიანი.
2020 წლის ბოლოს საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 15 წლის და მეტი ასაკის იყო დაახლოებით 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან 1.2 მილიონი დასაქმებული იყო, ხოლო 282 ათასი – უმუშევარი. დარჩა კიდევ 1.5 მლნ ადამიანი, რომელთაც 15 და მეტი წელი შეუსრულდათ, ანუ არიან სამუშაო ასაკში, მაგრამ არც დასაქმებული არიან და არც უმუშევარი. ეს რიცხვი – 1.5 მილიონი – მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა გარემოების გამო არ შეუძლიათ მუშაობა (მაგალითად, პატიმარია) ან თავიანთი ნებით არ ეძებენ სამსახურს. მათ შორის, 700 ათასი არიან 15-19 წლის და საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ობიექტური მიზეზების გამო არ არიან დაინტერესებული მუშაობით. 800 ათასი ადამიანი კი ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, ან აღარ აქვს იმედი, რომ სამსახურს იშოვის, აღარც ეძებს ან, უბრალოდ, არ უნდა მუშაობა. რადგან საქართველო ემიგრანტების გადმორიცხულ თანხაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეუძლია, არ იმუშაოს და მაინც ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეს. ასეთი ადამიანები დაბალანაზღაურებიან სამსახურს არ თანხმდებიან და უკეთეს სამუშაო ადგილებს ელოდებიან.
დასაქმებული 1.2 მილიონი ადამიანი ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. სწორედ თვითდასაქმებულების ნაწილია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია. 2020 წელს ბოლოს 845 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ იღებდა შრომის ანაზღაურებას და 396 ათასი იყო თვითდასაქმებული, სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულები ოფიციალურად დასაქმებულად ითვლებიან, რეალურად მათი დიდი ნაწილიც ეძებს სამსახურს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამსახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა რიგითი მოქალაქისთვის მარტივად გასაგებად რომ გადავთარგმნოთ, მივიღებთ, რომ საქართველოში გვყავს დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთაც სამსახური უნდათ. პანდემიამდე, 2013-2019 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 20 ათასით იზრდებოდა. პრობლემაც სწორედ ესაა: ყოველწლიურად 20 ათასი კაცის დასაქმებით, მილიონი ადამიანის დასაქმებას 50 წელი დასჭირდება. თუ სრულ დასაქმებას ვნახავთ, ანუ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს ერთად განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ 2013 – 2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12 ათასით იზრდებოდა. ფართო სურათში ახალი სამუშაო ადგილების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს.
საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა.
საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებაც. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო. შესაბამისად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვალიფიციური კადრების სიჭარბე, რომლებიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებული და რადგან განვითარებულ ქვეყნებში იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა, იქ დაიწყონ მუშაობა. ემიგრანტები ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქართველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და ლოგიკურია უმუშევრობის მაღალი დონე, მაინც გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ოფიციალური უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზე ვართ. საქართველოზე ღარიბ ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. ემიგრაციიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებულება, რასაც თან ერთვის მჭიდრო ნათესაური კავშირების კულტურა. ემიგრანტი ან საქართველოში დასაქმებული არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის შრომისუნარიან წევრებს, არამედ შესაძლოა, ნათესავის ოჯახსაც არჩენდეს; 2. უმუშევრობის დათვლის ახალი მეთოდოლოგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩაითვალა უმუშევრად და 3. არაფორმალური დასაქმების (ნაწილი აღრიცხულია თვითდასაქმებულად) მაღალი დონე, რომლის აღრიცხვა რთულია.