უნგრეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სერბეთისთვის რუსული ნავთობის მისაწოდებლად, უნგრეთი და სერბეთი ახალი მილსადენის გაყვანაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებია, რომელიც ხორვატიის გავლით რუსული ნავთობის იმპორტს ზღუდავს.
ცნობისთვის, ამჟამად სერბეთი რუსულ ნავთობს JANAF-ის ნავთობსადენით, სწორედ ხორვატიის გავლით იღებს. უნგრეთის მთავრობის სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი მილსადენით სერბეთს უფრო იაფი, ურალის ნედლი ნავთობი მიეწოდება.
მოგეხსენებათ, უნგრეთი იმ ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის მთავრობა რუსეთისათვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, სანქციები ევროპულ სახელმწიფოებისათვის უფრო დამანგრეველია, ვიდრე საკუთრივ რუსეთის ეკონომიკისთვის.
უნგრეთი რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. მისი მთავრობის განცხადებებით კი, სანქციებმა ენერგორესურსების ფასები გაზარდა და ევროპაში ენერგოკრიზისი გამოიწვია. თუმცა, საინტერესოა, რომ სანქციათა ბოლო პაკეტს მხარი მათაც დაუჭირეს.