მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის $5.3 მილიარდის ღირებულების აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო. მილიარდერის მიერ გაღებული თანხა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა. შეგახსენებთ, 92 წლის ამერიკელი ფილანთროპი, თავისი ცხოვრების განმავლობაში, ქონების 99%-ზე მეტის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემას გეგმავს.
როგორც წესი, ბაფეტის ქველმოქმედების ყველაზე დიდი ბენეფიციარი „გეიტსების ფონდია“, რომელიც ამჯერად Berkshire Hathaway-ის $4 მილიარდის აქციებს მიიღებს – თითო აქციაზე $407.95-ის ღირებულებით. გეიტსების მიერ 2000 წელს ჩამოყალიბებული $75-მილიარდიანი ფონდისთვის თანხების გადაცემის გადაწყვეტილება ბაფეტმა ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად მიიღო.
გასულ თვეში მელინდა გეიტსმა ყოფილ მეუღლე ბილ გეიტსთან ერთად დაარსებული საქველმოქმედო ფონდი დატოვა. „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ თანათავმჯდომარის პოსტს ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა.
„გეიტსების ფონდის“ გარდა, ქველმოქმედების ფარგლებში, ბაფეტი Berkshire-ის $400 მილიონის ღირებულების აქციებს „სუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდს“ გადასცემს, რომელიც მან თავად, აწ გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად დააარსა. ორგანიზაცია ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ინვესტიციებზეა ფოკუსირებული.
შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტი Giving Pledge-ის ინიციატივის ხელმომწერთა შორისაა. ხელმოწერით მილიარდერები, მათი სიცოცხლის განმავლობაში, ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ. ბაფეტი „გეიტსების ფონდის“ დაფინანსებას მომავალშიც გეგმავს. ინვესტორმა ფონდს ამ დროისთვის უკვე $43 მილიარდი უსახსოვრა.
Forbes-ის შეფასებით, უორენ ბაფეტის ქონება $128.9 მილიარდია, რაც მას მსოფლიოს მეათე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.