ქართულმა ლარმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება 2014 წელს დაიწყო. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 1.7 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში დოლარის მიმართ შესუსტდნენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებიც. ბოლო 5 წლის პერიოდში, ყველაზე მეტად დოალრის მიმართ თურქული ლირა გაუფასურდა. მხოლოდ 2018 წელს თურქული ლირა დოლარის მიმართ 40%-ზე მეტად გაუფასურდა. ამ მაჩვენებლით კი ლირა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა აშშ დოლარის მიმართ.
საკუთარი ღირებულების 16%-ზე მეტი დაკარგა გასულ წელს რუსულმა რუბლმა. 2014 წლის შემდეგ კი ის დოლარის მიმართ 45%-ზე მეტად გაუფასურდა.
გასულ წელს 11%-ზე მეტად გაუფასურდა ყაზახური ტენგე, რაც მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ტენგემ დოლარის მიმართ ღირებულების 52%-ზე მეტი დაკარგა.
რეგიონის ვალუტებს შორის, 2014-2018 წლების პერიოდში, დოლარის მიმართ ყველაზე “ძლიერი” სომხური დრამი აღმოჩნდა, რომელიც ჯამში 16%-ით გაუფასურდა.
2014 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში რეგიონის ვალუტები დოლარის მიმართ შემდეგნაირად გაუფასურდნენ:
- სომხური დრამი – 16.4%
- მოლდოვური ლეი – 18.7%
- ქართული ლარი – 34.7%
- რუსული რუბლი – 45.3%
- ბელარუსული რუბლი – 52%
- ყაზახური ტენგე – 52.1%
- აზერბაიჯანული მანათი – 53.9%
- უკრაინული გრინვა – 55.5%
- თურქული ლირა – 59.2%