ვენესუელა გაიანაში შეჭრას გეგმავს | ბრაზილიაში სამხედრო მზადყოფნაა

ვენესუელა გაიანაში შეჭრას გეგმავს | ბრაზილიაში სამხედრო მზადყოფნაა

ბრაზილიის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელის არმია გაიანის რესპუბლიკაში შეჭრას გეგმავს. ვენესუელისა და გაიანის საზღვრებთან დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საკუთარი სამხედრო ნაწილები მზადყოფნაში ბრაზილიამაც მოიყვანა. სფეროს ანალიტიკოსების მოსაზრებით, სამხრეთ ამერიკაში რეგიონულ სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

ვენესუელის გაცხადებული მიზანი ყოფილი ბრიტანული გაიანის დასავლეთით, მდინარე ესეკიბოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიის დაკავებაა. აღნიშნული ტერიტორია ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი. ვენესუელას კი ტერიტორიის თავის იურისდიქციაში შეყვანა სურს. ესეკიბოს რეგიონის შემოერთების საკითხზე ნიკოლას მადურომ რეფერენდუმი 3 დეკემბერს დანიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის შინაარსი 1899 წლის პარიზის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება და ესეკიბოს პროვინციაში მცხოვრებ მოსახლეობაზე ვენესუელის სუვერენიტეტის გავრცელება იქნება.

ცნობისათვის, ესეკიბო გაიანის რესპუბლიკის 2/3-ს შეადგენს. ტერიტორიის საზღვრები კი 1899 წელს საერთაშორისო არბიტრებმა მაშინ დაადგინეს, როდესაც გაიანა ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია ვენესუელას ისტორიულად აქვს. 2015 წელს, ExxonMobil-ის მიერ ესეკიბოში აღმოჩენილმა ნავთობის საბადოებმა ვენესუელის ინტერესი ტერიტორიის მიმართ კიდევ ერთხელ გაამძაფრა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ქმედებები მოჰყვება 3 დეკემბერს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს. თუმცა არსებული სიტუაცია სავარაუდო სამხედრო ესკალაციაზე მიუთითებს.