Ferrari Enzo, რომლის მხოლოდ 400 ეგზემპლარია შექმნილი, აუქციონზე ყოველთვის მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რის შედეგადაც მოდელი 88 GTO-ს, F40-ს, F50-სა და LaFerrari-სთან ერთად „Ferrari Big Five“-ის ერთ-ერთი წევრი გახდა. V12 სუპერმანქანის პოპულარობა, რომლის წარმოებაც 2002 წელს, $659,000-იანი საცალო ფასით დაიწყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა. Classic.com-ის მონაცემებით, ავტომობილის ფასმა $3-4 მილიონს მიაღწია.
გასულ თვეში მოდელის შავი ეგზემპლარი აუქციონზე $4.4 მილიონად გაიყიდა, რაც Enzo-სთვის ახალ რეკორდულ ნიშნულად გადაიქცა. თუმცა აღნიშნული რეკორდი შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს, რადგან ბაზარზე აუქციონის სახლ RM Sotheby’s-ის მეშვეობით, კიდევ ერთი Enzo Ferrari გამოჩნდება. აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი Argento Nurburgring-ის ცხრა ვერცხლისფერი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, ამავდროულად კი ერთადერთია, რომელსაც მოყავისფრო ფერის ტყავის ინტერიერი აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Enzo-ს მხოლოდ 141 მილი (226 კმ) აქვს გავლილი და ატარებს დამცავ გარსს, რომელიც Ferrari-ის ქარხანაში ორი ათეული წლის წინ გამოიყენებოდა. პლასტმასის შეფუთვითაა დაფარული კარის რაფები და პედალები. ავტომობილი, რომელსაც აუქციონის სახლმა „შეფუთული“ Ferrari Enzo უწოდა, თავდაპირველად იაპონელმა მომხმარებელმა შეიძინა.
RM Sotheby-ის შეჯამებით: „მოდელის გამორჩეული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ ქარხნული დამცავი შეფუთვის დიდ ნაწილს ატარებს, Argento Nurburgring-ი სწორედ ისაა, რასაც კოლექციონერები იშვიათობისა და ორიგინალობის გამო აფასებენ“. აუქციონი დახურული შეთავაზების სისტემით მიმდინარეობს, სადაც განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ მხარეებს 15-დან 17 მარტამდე შეეძლებათ.