Visa-მ და Mastercard-მა საკრედიტო ბარათების საკომისიოზე $30-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

Visa-მ და Mastercard-მა საკრედიტო ბარათების საკომისიოზე $30-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

Visa-მ და Mastercard-მა, მერჩანტთა საკრედიტო და სადებეტო ბარათების საკომისიოების შემცირებაზე $30-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს. საკომისიოს მერჩანტთა დიდი ნაწილი კლიენტების ბარათების მიღებისას იხდის, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტები ტრანზაქციების დამუშავებისთვის ახლა შედარებით დაბალ ხარჯებს გაწევენ.

ანტიმონოპოლიური შეთანხმება ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და ახლა, სასამართლოსგან თანხმობის მოლოდინშია. დამტკიცების შემთხვევაში, შეთანხმება ქვეყნის მასშტაბით, 2005 წლიდან დაწყებული დავების ძალიან დიდი ნაწილს გადაწყვეტს. თუმცა, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარიგება შესაძლოა მხოლოდ დროებითი იყოს და გადასახადები კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩეს.

მერჩანტები წლებია, Visa-სა და Mastercard-ს გაცვლის, ე.წ. swipe-ის მაღალი საკომისიოების გამო უჩივიან. აღნიშნულ საკომისიოს მერჩანტები მყიდველების მიერ საკრედიტო ბარათების გამოყენებისას იხდიან. Bankrate.com-ის მონაცემებით, ტრანზაქციაზე გადასახადის საშუალოდ დაახლოებით 1.5%-დან 3.5%-მდე მერყეობს.

შეთანხმებით, Visa და Mastercard-ი, სამი წლის განმავლობაში, swipe-ის განაკვეთს მინიმუმ ოთხი საბაზისო პუნქტით – 0.04 პროცენტული პუნქტი – შეამცირებენ, ხოლო საშუალო განაკვეთი, მომდევნო ხუთი წლის პერიოდში, არსებულ მაჩვენებელზე შვიდი საბაზისო პუნქტით დაბალი იქნება.

შეზღუდვა მერჩანტებს უფრო მეტ უფლებამოსილებას აძლევს. ახლა მათ სურვილისამებრ შეეძლებათ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის გადახდებზე ფასდაკლებები შესთავაზონ, ან დააწესონ დამატებითი გადასახადები ბარათებზე, უფრო მაღალი გაცვლის საკომისიოებით. ანალიტიკოსთა ნაწილი მომხმარებელს უკვე აფრთხილებს, რომ ბარათებით შესაძლოა უფრო მეტის გადახდა მოუწიოთ, ვიდრე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას.