ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტსა და ტიმ კუკს შორის შეხვედრა კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში, კომპანიის სათავო ოფისში შედგა.
შეხვედრისას მხარეებმა უკრაინისა და Apple-ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში IT სექტორი სწრაფად ვითარდება, უკრაინული ბაზრის პერსპექტივებზე კი, ქვეყანაში Apple-ის ოფისის ოფიციალური გახსნაც მიუთითებს. შეხვედრის მონაწილეებმა დანიის მაგალითზე უკრაინაში, iCloud-ის სერვისისთვის Apple-ის მონაცემთა ბაზის მსგავსი ცენტრის შესაძლო მშენებლობა განიხილეს.
ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უკრაინის მიღწევები გააცნო და მის გუნდთან ერთად Diia City-ის პროექტი წარუდგინა. პრეზიდენტმა ასევე გამოხატა ინტერესი, ქვეყანაში Apple-ის გაფართოებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მხარეებმა უკრაინაში სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე ვეტერანებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის პროგრამული განათლების შეთავაზება და პროგრამის ფარგლებში სკოლებისა და მასწავლებლების კომპიუტერული აღჭურვილობით უზრუნველყოფაც განიხილეს.
ზელენსკის განცხადებით, დღეს უკრაინა არის ძლიერი და გლობალური IT ცენტრი და ქვეყნის სპეციალისტები წარმატებით თანამშრომლობენ Fortune 500-ის კომპანიებთან მათ შორის Apple-თან. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Apple-ის განვითარების დინამიკით, თავის მხრივ კი, უკრაინის გაციფრულების ტემპით საერთო და წარმატებული ისტორიის შექმნას შეძლებენ.