ოქსფორდი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად ზედიზედ მეექვსედ დაასახელეს

ოქსფორდი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად ზედიზედ მეექვსედ დაასახელეს

Time Higher Education-ის უახლესი საუნივერსიტეტო რეიტინგების მიხედვით, ოქსფორდი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა. 6 წლის განმავლობაში ასეთი მოცემულობა კი რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, Time Higher Education-მა Covid-19-ის კვლევაში შეტანილი წვლილის საუნივერსიტეტო რეიტინგებიც გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ოქსფორდის უნივერსიტეტის მთავარ კონკურენტს, კემბრიჯს, მან შარშანდელი მეექვსე ადგილიდან წლევანდელ რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. დადებითი ტენდენცია შეინიშნება დიდი ბრიტანეთის სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც. ტოპ 200 ადგილზე მყოფი 28 ბრიტანული უნივერსიტეტიდან, წელს საკუთარი პოზიცია 19-მა გაიუმჯობესა. მანჩესტერის უნივერსიტეტი კი პირველად შევიდა ტოპ 50 რეიტინგში.

შეერთებული შტატების დომინაცია საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის კვლავ გრძელდება. ტოპ 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, Time Higher Education-ის რეიტინგით, 8 ამერიკული სასწავლებელია. კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (კალტექი) და ჰარვარდი სიაში მეორე ადგილს იყოფენ.

გარდა ამისა, საუკეთესო 200 უნივერსიტეტის თითქმის მეოთხედი, 57 უმაღლესი სასწავლებელი სწორედ შეერთებულ შტატებში მდებარეობს. 57-დან 35-მა კი წინა წლის შედეგის გაუმჯობესება მოახერხა.

საინტერესოა ისიც, რომ საკუთარი არსებობის ისტორიაში ჩინური უნივერსიტეტები პირველად აღმოჩნდნენ 20 საუკეთესო სასწავლებელს შორის. ორმა ჩინურმა უნივერსიტეტმა სიის მე-16 ადგილი გაიყვეს, ხოლო 10 მათგანი 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის აღმოჩნდა.

საუნივერსიტეტო განათლების აუცილებლობა და საჭიროება განსაკუთრებით ბოლო 20 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, როდესაც უნივერსიტეტებმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განვითარებაში ლომის წვლილი შეიტანეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *