რუსული კომპანია Yandex-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და მას „ბარბაროსობა“ უწოდა. ამის შესახებ ვოლოჟმა რუსულ დამოუკიდებელ მედიაგამოცემა Bell-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. არკადი ვოლოჟი იმ რუსი მილიარდერების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკა.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის ბარბაროსული და მე ამ ქმედების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა მან Bell-თან საუბარში. Yandex-ის დამფუძნებლის განმარტებით, ის შეძრწუნებულია უკრაინელ ხალხზე ყოველდღიური თავდასხმებით.
გარდა აღნიშნულისა, არკადი ვოლოჟმა მისი მისამართით არსებული კრიტიკის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ის ცდილობს რუსეთთან საკუთარი კავშირები გააქროს. გარკვეული პერიოდის წინ Yandex-ის დამფუძნებელმა საკუთარ ვებგვერდზე დაბადების ადგილად ყაზახეთი მიუთითა, საკუთარი თავი კი ისრაელური წარმოშობის ტექ-ანტრეპრენიორად წარმოადგინა. ინტერვიუს დროს მან განმარტა – „მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ვცხოვრობ, ჩემი ქვეყნის [რუსეთის] ქმედებებზე საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო“.
ცნობისთვის, Yandex-ი რუსეთში ყველაზე გამოყენებადი საძიებო სისტემა და ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა. ინტერნეტში Yandex-ს, რუსულ Google-ად მოიხსენიებენ.
შეგახსენებთ, არკადი ვოლოჟმა Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და სამეთვალყურეო საბჭო გასულ წელს მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფინანსური და მატერიალური დახმარების ბრალდებით ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესა. არკადი ვოლოჟი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
Forbes-ის მონაცემებით, Yandex-ის დამფუძნებლის ქონება ამჟამად $1.1 მილიარდს შეადგენს. ის კვლავ წარმოადგენს Yandex-ის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერს.