მსოფლიო ჩემპიონატის ანატომია

“ანტუან, ნაპოლეონის საქმე შენ გაქვს დასამთავრებელი” - დაახლოებით ამ შინაარსის მქონე პოსტერი შემხვდა ცოტა ხნის წინ ნიცაში, ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში. პოსტერიდან გენერლის ფორმაში გამოწყობილი ანტუან გრიზმანი იყურებოდა, რომელსაც ხელში ბურთი ეკავა და რუსეთის დასალაშქრად ემზადებოდა. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი და ქვეყნის მთავარი იმედი ხმლის ნაცვლად გოლებით შეეცდება მოსკოვის აღებას და ოქროს მედლისკენ მიმავალი გზის გაკაფვას. გრიზმანი და მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო ნიცაში პრაქტიკულად ყველგან იყო - ბანერებზე, მაისურებზე, საჯარო ტრანსპორტზე, ჟურნალებში და კიდევ სად, ეშმაკმა იცის.

ეს ამბავი კი იმას მოვაყოლე, რომ სულ რამდენიმე დღეში რუსეთი პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ოცდამეერთე გათამაშებას. სანამ უშუალოდ ჩემპიონატზე გადავალთ, უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთისთვის ამ სტატუსის მოპოვება დღემდე აჩენს ბევრი ექსპერტისა თუ ამ დარგში მოღვაწე ადამიანის გონებაში კითხვის ნიშნებს. თუკი უფრო ხისტად ვიტყვით - კორუფციული გარიგებისა და ქრთამის სანაცვლოდ, უეფას დელეგატების მოსყიდვის რისკებს. ამ თეორიის ყველაზე დიდი ფლაგმანი კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაა, რომლის ხელმძღვანელმა პირებმა ფიფას მექრთამეობასა და კორუმპირებულობაში ბრალი საჯაროდ დასდეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სწორედ ინგლისთან და ბელგია-ჰოლანდიასთან მეტოქეობაში მოიპოვა. კონკურენტი კანდიდატები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, რა პრინციპით მიიჩნია ფიფამ რუსეთის ფედერაცია გამარჯვებულად. მართლაც, არის ამ წუხილში ლოგიკისა და სიმართლის მარცვალი.

სკანდალები და გაუგებრობები ამით არ ამოწურულა. უკანასკნელ პერიოდში “სკრიპალის საქმემ” მთელი მსოფლიო შეაშფოთა და ის საფეხბურთო ნაწილსაც შეეხო. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ და სამეფო ოჯახმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. მათ ასევე მოუწოდეს ინგლისელ გულშემატკივრებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ბრიტანელების ბოიკოტს ისლანდიელებიც შეუერთდნენ და ანალოგიური პოზიცია დაიკავეს. ჩემპიონატს მკაცრად აკრიტიკებენ სხვადასხვა ქვეყნის ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისი მიზეზიც რუსეთის ხელისუფლებისგან მომდინარე დისკრიმინაციული გარემოებებია.

უშუალოდ ჩემპიონატს რაც შეეხება, მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს და ჯამში 64 მატჩი გაიმართება. მოსკოვის გარდა, სადაც ჩემპიონატის გახსნითი და ფინალური მატჩები გაიმართება, თამაშებს 10 სხვა ქალაქიც უმასპინძლებს. მათ შორისაა პეტერბურგი, სოჭი, სამარა, კალინინგრადი და შორეული ეკატერინბურგიც. ჩემპიონატის მასშტაბურობაზე წარმოდგენა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით შეგვიძლია, შევიქმნათ. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ჩემპიონატის ტრანსლირების ოფიციალური უფლება 99 ქვეყნის 120-ზე მეტმა ტელევიზიამ მოიპოვა. ამ რიცხვში არ შედის რადიოები, რომელთა რაოდენობაც 55-ს აჭარბებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიბის ზღვით დაწყებული, სუბსაჰარული აფრიკით დამთავრებული, ჩემპიონატს თითქმის ყველა გეოგრაფიულ წერტილში მიადევნებენ თვალს.

პოზიტიური მოლოდინები არ არის “ცოცხლად” დამსწრე მაყურებლების კუთხით. უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა, ჯამში 3,4 მილიონი ადამიანი დაესწრო. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთში ეს რიცხვი, როგორც მინიმუმ, არ გაიზრდება. ამის მიზეზად კი პირველ რიგში ჩვენ მიერ ნახსენები თუ უხსენებელი პოლიტიკური სკანდალებია, რომლებიც ჩემპიონატისა და მასპინძელი ქვეყნის ირგვლივ მუდმივად ტრიალებს.

1994 წლის სარეკორდო ნიშნული - ჯამში 3,587,538 მაყურებელი - რომელიც დღემდე უცვლელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიო პირველობაზე დაფიქსირდა. მაშინ თითო მატჩს სტადიონიდან საშუალოდ 69 ათასი ადამიანი უყურებდა. ვნახოთ, ვიქნებით თუ არა ახალი რეკორდის მხილველები.

აი, ფინანსური წახალისების ნაწილში კი რეკორდი უკვე მოხსნილია, რისთვისაც ჯამში $791 მილიონია გამოყოფილი. თანხების გადანაწილების ბადე შემდეგნაირად გამოიყურება: გამარჯვებულს - $38 მილიონი, ფინალისტს - $28 მილიონი, მესამე ადგილი - $24 მილიონი, მეოთხე ადგილი - $22 მილიონი, 5-8 ადგილები - $16 მილიონი გუნდისთვის, 9-16 ადგილები - $12 მილიონი გუნდისთვის, და 17-32 ადგილები - $8 მილიონი გუნდისთვის, რაც ჯამში 128 მილიონს შეადგენს. თუკი გასულ ჩემპიონატებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ 2014 წელს ბიუჯეტი $576 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2010 წელს გამართულ ჩემპიონატზე ეს თანხა $420 მილიონით იყო განსაზღვრული. უფრო უკან თუ წავალთ  და გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს (2006 წ.) შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მაშინდელი გამარჯვებულის - იტალიის მიერ მიღებული თანხა დღეს მესამე ადგილზე გასულისთვის არის გათვალისწინებული.

წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით, მიმდინარე გათამაშებას ერთით ნაკლები სპონსორი ეყოლება. რუსეთის პირველობის პარტნიორობას ჯამში 13 ორგანიზაცია გასწევს. მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორიცაა “ადიდასი”, “კოკა-კოლა”, “ყატარის ავიახაზები”, “ჰიუნდაი”, “გაზპრომი” და სხვები. სხვადასხვა სკანდალით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, რაც პირველ რიგში სწორედ სასპონსორო ნაწილში აისახა, სავარაუდოა, რომ ფიფა ამ ჩემპიონატის ჩატარებით ჯამში $4 მილიარდზე მეტს მიიღებს. მართალია, ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასპონსორო შეთანხმებებიდან მიღებულ თანხებს მთლიან შემოსავალში საკმაოდ დიდი წილი ექნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მოქმედ სპონსორთაგან ყველაზე ხანგრძლივი ისტორია “ადიდასს” აქვს. 1998 წლიდან მოყოლებული, კომპანია მუდმივადაა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და პარტნიორი.

ციფრებმა ძალიან რომ არ დაგვღალოს, სპორტულ კომპონენტზე გადავიდეთ. გახსნითი მატჩი 14 ივნისს ჩატარდება და მოსკოვში, “ლუჟნიკის” სტადიონზე, მასპინძელი გუნდი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. თუკი ვინმეს ფსონის დადება გინდათ, გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, გახსნით მატჩში მასპინძელი  არასდროს დამარცხებულა. ეს ჩემპიონატი გამორჩეული იქნება უარყოფითი კუთხითაც - ვგულისხმობ იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ტურნირზე ვერმოხვედრას. ორი “ტრადიციული” და საკუთარი გამორჩეული ხელწერის მქონე ნაკრების არყოფნა მსოფლიო ჩემპიონატს ნამდვილად ცუდ ხელს დაატყობს. ცხადია, აღნიშნული მოვლენა ფიფას კომერციულადაც აზარალებს, ვინაიდან ჯამში 77-მილიონიანი ბაზრის მქონე ქვეყნების თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნაზეა საუბარი.

ვინ მიიჩნევა მთავარ ფავორიტად? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ არ არსებობს. საწყისი პოზიციებიდან, გუნდები თითქმის თანაბრად პერსპექტიულნი, ან თავიდანვე განწირულები ჩანან. თუკი ვინმეს გამორჩევაა საჭირო, ალბათ ისევ საფრანგეთის, არგენტინის, ბრაზილიის, ბელგიის, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების ხსენება იქნება სწორი. ბოდიშს მოვიხდი ინგლისის გულშემატკივრებთან, მაგრამ მათი საყვარელი გუნდის ფავორიტად მოხსენიებას დღემდე კარგი არაფერი მოუტანია. ამიტომ, თუკი ინგლისის გულშემატკივრებისთვის წარმატების ნაპერწკალი სადმე ელავს, ისევ ჩუმად სჯობს დალოდება.

ცნობილი საფეხბურთო-ანალიტიკური საიტის, transfermarket.de-ს მიერ ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშედ არგენტინელი ლეო მესი განიხილება, რომლის მიმდინარე საბაზრო ფასი €180 მილიონს შეადგენს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ არგენტინის ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაა დასახელებული. ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1) ლეო მესი (არგენტინა) - 180 მილიონი ევრო, 2) ნეიმარი (ბრაზილია) - 180 მილიონი ევრო, 3) კილიან მბაპე (საფრანგეთი) - 120 მილიონი ევრო, 4) ჰარი კეინი (ინგლისი) - 120 მილიონი ევრო, 5) კრისტიანო რონალდო (პორტუგალია) - 120 მილიონი ევრო, 6) კევინ დე ბრუინე (ბელგია) - 110 მილიონი ევრო, 7) პაულო დიბალა (არგენტინა) - 100 მილიონი ევრო, 8) ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) - 100 მილიონი ევრო, 9) ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია) - 100 მილიონი ევრო), 10) ედენ აზარი (ბელგია) - 100 მილიონი ევრო.

ნაკრებების თვალსაზრისით, ყველაზე ძვირად - 1,02 მილიარდ ევროდ - საფრანგეთი ფასდება. სულ ოდნავ ჩამორჩება ესპანეთი, რომლის ღირებულებაც 1,01 მილიარდი ევროა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანია 2018 წელს 997,5 მილიონი ევრო “ეღირება”, ხოლო მისი მეტოქე ბრაზილია - 905 მილიონი ევრო. ხუთეულს ბელგიის ნაკრები ამთავრებს - 750-მილიონიანი მაჩვენებლით. მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე იაფი გუნდი პანამის ნაკრები იქნება. მისი ჯამური ღირებულება 11,7 მილიონ ევროს შეადგენს. მთლიანობაში კი ნაკრებების ჯამური ღირებულება 10 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს.

რუსეთში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ნიგერიას ეყოლება, საშუალო ასაკით - 25,5 წელი. ყველაზე მხცოვანი ნაკრები კი არგენტინა იქნება, რომლის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 29 წელზე მეტია. ამ მხრივ ინგლისის ნაკრებიცაა გამოსარჩევი, რომელიც ევროპის კონტინეტზე ყველაზე ახალგაზრდაა და 26-წლიანი საშუალო მაჩვენებელი აქვს. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში წელს ბევრი ფეხბურთელი იქნება, ვისაც სანაკრებო დონეზე, ამხელა ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია და მსგავს გამოცდილებას პირველად ეზიარება. ციფრების კითხვისგან განტვირთვის მიზნით, გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ ინფორმაციას:

 გერმანიის ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მესამე ადგილისთვის გამართული მატჩი. აქედან ოთხ შემთხვევაში გამარჯვება მათ მხარეს დარჩა.

ფინალში ყველაზე დიდი ანგარიში 1958 წელს, ბრაზილიისა და შვედეთის მატჩში დაფიქსირდა. სამხრეთამერიკელებმა მაშინ 5 გოლის გატანა შეძლეს, სანაცვლოდ კი ორი მიიღეს.

უცხოელ მწვრთნელს არასდროს მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, 63 თამაშში დაინიშნა დამატებითი დრო, საიდანაც გამარჯვებული პენალტების გზით, 26 შემთხვევაში გამოვლინდა. გერმანია და იტალია ამ მხრივ რეკორდსმენები არიან, დამატებით დროში 11-ჯერ აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ფინალში პენალტები მხოლოდ 2-ჯერ დაინიშნა და ორივეჯერ იტალიის ნაკრები თამაშობდა. მიმდინარე წელს, საფინალო მატჩში პენალტების დანიშვნის შანსი სავარაუდოდ, მცირეა, ვინაიდან იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

• 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტები ისლანდია და პანამა იქნებიან.

• 21 გოლის გატანაა საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში 2,400 გატანილი გოლი დაგროვდეს.

ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი 1982 წელს უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ლასლო კისმა გაიტანა ელ-სალვადორის წინააღმდეგ. ამ შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა.

მაშ ასე, 14 ივნისიდან - 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთი საფეხბურთო ზეიმის ცენტრი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ, სოჭის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, ორგანიზატორები წარმატებულად შეძლებენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ფაქტია, რომ საფეხბურთო ისტერია უკვე დიდი ხანია, რაც ატყდა. რიცხვები შთამბეჭდავია, თამაში - ვნახოთ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო საკრედიტო რეიტინგებში

Forbes Georgia. 2018 წლის ივნისის ნომერი - Forbes Property

საქართველო საკრედიტო რეიტინგებში

საქართველო საკრედიტო რეიტინგებში

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთი რუსეთი

წინა სტატია

Where do people have most cars
07 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

Where do people have most cars
07 ივნისი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა