მელონები. მამულში დაბადებული მეწარმეები

ამერიკის ოქროს ხანის სიმდიდრეთა დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გაიფანტა. მაგრამ ორი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც თომას მელონი ამერიკაში ჩამოვიდა და მისი ოჯახი, რომლის ქონების ღირებულება 12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, არასდროს ყოფილა ასეთი მდიდარი. როგორ მიაღწიეს ამას?

ერთი შეხედვით, მეთიუ ტაილორ მელონ II თავისი არისტოკრატული სახელის შესაბამისად ცხოვრობს. ჩვენ სადილს მის რჩეულ ადგილას (ლანჩისთვის), პატარა იტალიურ რესტორანში მივირთმევთ, რომელიც მისი ბინის ქვეშ არის გახსნილი; მისი ბინა კი მანჰეტენის დიდებულ სასტუმრო “პიერში” მდებარეობს. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან გრძელვადიანი ბრძოლის შემდეგ, უკვე ხუთი წელია, ფხიზელ ცხოვრებას ეწევა. 50 წლის მეთიუს შესაშურად გარუჯული კანი ცისფერი ფერის Savile Row-ს კოსტიუმს და Hermes-ის ჰალსტუხს ძალზე უხდება. იგი სალათსა და გაზიან წყალში გაზავებულ მოცვის წვენს უკვეთს.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, მიმტანს სთხოვს, მობილური ტელეფონი წაიღოს, მოსმენის შიშით. ამის შემდეგ ამერიკის ყველაზე ძლიერი საბანკო ოჯახის შთამომავალი საუბარს იწყებს: “ასე მგონია, რომ მოქალაქეებს ყელში ჰყავთ ამოსული ბანკსტერები”. მეთიუ იმ ტერმინს იყენებს, რომელსაც ალბათ, Occupy Wall Street-ის საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები მოიწონებდნენ. პოლიტიკოსების მიმართაც მსგავსი მიდგომა არსებობს: “ჩვენ უფრო გამჭვირვალე და თავისუფალი დემოკრატიის პირობებში უნდა ვიცხოვროთ”. ამ პრობლემიდან გამოსავალი, მელონის სიტყვებით, არის ბიტკოინები (ვირტუალური ფული). მან ბიტკოინ-კომპანიების ინკუბატორის შესაქმნელად 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რადგან სწამს, რომ ვირტუალური ფული დოლარის ბანკნოტს მალე ჩაანაცვლებს. “ბანკები საგონებელში ჩავარდებიან”, – აცხადებს იგი, ღიმილი მის მაღალ ყვრიმალებსაც სწვდება.

ცოტა შეშლილია? ნამდვილად. მაგრამ ირონიულად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, მეთიუ მელონი სწორედ ისე იქცევა, როგორც ეს მის დიდ ბაბუას, თომას მელონს წარმოედგინა, როდესაც სათავეს უდებდა და ქმნიდა საოჯახო ბიზნესს, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხანია, ფინანსური დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს. თუ Forbes-ის მიერ შედგენილ ყველაზე მდიდარი ამერიკული ოჯახების პირველ რეიტინგს გადავხედავთ, პირველი, რაც თვალში მოგვხვდება, არის ის, თუ მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის რამხელა სიმდიდრე გაიფლანგა უკვალოდ. სიმდიდრის შენარჩუნება ვერც ასტორების და ვანდერბილტების, ვერც მორგანებისა და კარნეგების ოჯახებმა შეძლეს. ზოგ შემთხვევაში ეს გულუხვობისა და მსოფლიოს შემცვლელი ფილანთროპიის შედეგს წარმოადგენდა. ზოგიერთ შემთხვევაში დაგროვილ სიმდიდრეს, ათწლეულების მანძილზე, უთავბოლოდ მხარჯველმა მემკვიდრეებმა მოუღეს ბოლო. ზოგიერთი სიმდიდრე ორივე ზემოთ მოცემული მიზეზით გაიფლანგა. ამ ჯგუფში მელონები გამოირჩევიან. ამერიკის მილიარდდოლარიანი დინასტიებიდან თავისი სიმდიდრე მხოლოდ დიუ პონების ოჯახმა შეინარჩუნა. მათ გააჩნიათ ოჯახური კომპანია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებას მუდმივად აგრძელებს. იმავეს ვერ ვიტყვით მელონების გვარზე, რომელსაც ისეთი ექსცენტრიკული შთამომავალი ჰყავს, როგორიცაა მეთიუ; მოდის ცნობილ სახელებსა და ბიტკოინის სტარტაპებში ის მილიონებს აბანდებს; თუმცა ოჯახმა 12 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სიმდიდრე მაინც შეინარჩუნა; ქონების წმინდა ღირებულების მიხედვით, ეს ამერიკაში მეცხრამეტე ყველაზე დიდი ოჯახია; ეს არის ოჯახი, რომლის ქონება აღემატება როკფელერებისა და კენედების ოჯახების ქონებას ერთად აღებულს.

და ეს ყველაფერი ზედმეტი ხმაურის გარეშე არის მიღწეული. მელონების უმრავლესობამ ამ სტატიისთვის ინტერვიუს მოცემაზე უარი განაცხადა, ზოგიერთმა მათგანმა კი საჯაროდ გამოჩენის გარეშე უპასუხა კითხვებს. “ჩვენ მოგვწონს რადარის ქვეშ ყოფნა,” – აცხადებს პიტერ შტეფჰაიხი, მეთიუს ბიძაშვილი, რომელიც პიტსბურგში კატარღების კომპანიას ფლობს. წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოჯახის მთავარ, ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ერთი რამ – კაპიტალის დაცვა. მიზნის არსებობის გარეშე, ხრიკებით სიმდიდრის მემკვიდრეობით მიღების მაგალითები მრავლად არსებობს, მაგრამ თომას მელონმა თავად შექმნა მიდგომა, რომლის მიხედვითაც, მართალია, ფულის ხარჯვა მისაღები იყო (მეთიუ მელონის ვერტფმრენების დასაშვები მოედანი სასტუმრო “პიერში”,სავარაუდოდ, 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. და მას უყვარს კერძო ფრენების განხორციელება), მაგრამ ასეთი ფულის ხარჯვის პარალელურად არსებობდა მოლოდინი, რომ ყოველი თაობა მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრეს გაზრდიდა. გვარის თითოეული ხაზი დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, იყენებს გადასახადების მინიმუმამდე შემცირების გონივრულ ხერხებს, თაობებზე გადასული სატრასტო კომპანიებისა და აქციებში საქველმოქმედო შენატანების გაკეთების ჩათვლით. თუ უფრო კრიტიკულად შევხედავთ საკითხს, თომას მელონს გააჩნდა იმის მოლოდინი, რომ მისი მოდგმა მეწარმეობაში იქნებოდა ჩართული და, მისი წარმოდგენით, შთამომავლობის საქმიანობა ამერიკული ეკონომიკური მანქანის განვითარებას ხელს შეუწყობდა.

ზემოთ თქმულის გარდა, არსებობდა რამდენიმე პირობა და შეზღუდვა, მაგალითად, საოჯახო ოფისის არსებობისა და ყოველწლიური შეხვედრების მოთხოვნა. მეთიუ მელონი იხსენებს ოჯახის “მანტრას”: “ინტუიცია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, საშუალებების მთელ წყებას შორის”. მოცემული დეცენტრალიზებული ინტუიციის შედეგად იქმნებოდა უამრავი კომპანია, საბანკო სფეროსა და მედიის, მეტალებისა და ენერგიის სფეროს ჩათვლით; და ამ კომპანიებმა ამერიკული ბიზნესის სახე შეცვალეს.

გააკეთე-თავად ტიპის მელონების კლანის ბოლო შეკრება – ასეთი შეკრებები ათ წელიწადში ერთხელ ხდება – ოთხი წლის წინ გაიმართა. ისინი ოჯახის წარმატების საწყის ადგილზე – ტირონის საგრაფოში, ირლანდიაში, პატარა მიწის ნაკვეთზე შეიკრიბნენ.

სწორედ აქ, ფერმერების ოჯახში, 1813 წელს, თომას მელონი დაიბადა. 1818 წელს ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ნახევრად დანგრეულ ხის ქოხში დასახლდა ნათესავებთან ახლოს, რომლებიც უფრო ადრე ჩამოვიდნენ დასავლეთ პენსილვანიის იმ ნაწილში, რომელსაც მაშინ სიღარიბის წერტილს უწოდებდნენ. სულ მალე აღმოჩნდა, რომ ამ სახელწოდებამ თავისი მნიშვნელობა არ გაამართლა.

მისმა მშობლებმა 160 აკრის ფართის მიწის ნაკვეთი მალე ააყვავეს. თომასიც მშობლების გვერდით მიწაზე მუშაობდა, მაგრამ გუთანში შებმულ ცხენებს დასასვენებლად როცა გამოუშვებდნენ, ჩრდილში იჯდა და შექსპირს კითხულობდა. “რაც მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტს ვხედავდი და სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მეტის მიღწევა შემეძლო”, – ასე წერს თომასი თავის ავტობიოგრაფიაში.

იგი პიტსბურგში გადავიდა, იურისპრუდენცია შეისწავლა და 1843 წელს დაქორწინდა სარა ჯეინ ნეგლიზე – ერთი ვაჟის – ანტედრიუს და დანარჩენი შვიდი შვილის დედა. თომასი მოსამართლე გახდა (ამის შემდეგ იგი ყველასათვის უბრალოდ მოსამართლის სახელითაა ცნობილი) და მიღებულ შემოსავალს უძრავ ქონებაში ინვესტიციების განსახორციელებლად იყენებდა. მან შესყიდული, გირაოში ჩარჩენილი ქონებიდან და ქვანახშირით მდიდარი მიწებიდან მიღებული შემოსავლები ბანკის, T. Mellon&Sons-ის შესაქმნელად გამოიყენა. 10 000 აშშ დოლარის საწყისი დეპოზიტებით ბანკი 1869 წლის დეკემბერში გაიხსნა. სამი წლის განმავლობაში დეპოზიტების მოცულობამ 800 000 აშშ დოლარს მიაღწია. სწორედ ამ მცირე ზომის ბანკით ჩაეყარა საფუძველი დღეს ფუნქციონირებად 1.6 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის (აქტივების ღირებულება) BNY Mellon-ს.

ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე მოსამართლე იმის განსაზღვრაზე იყო კონცენტრირებული, თუ ფინანსური ხასიათის მის ძალისხმევას რა შედეგი მოჰყვებოდა. თომასს, მისი თანამედროვის, ენდრიუ კარნეგის მასობრივი ხასიათის ფილანთროპიული საქმიანობა არ მოსწონდა (თუმცა მისი ვაჟი თანხებს უფრო ხელგაშლილად გასცემდა – სწორედ მისი დახმარებით მოხდა ხელოვნების ნაციონალური გალერიის შექმნა) და ამის სანაცვლოდ, ქონება თავის ვაჟიშვილებს იმის მოლოდინით გადაუნაწილა, რომ ისინი დანატოვარს გაზრდიდნენ.

ისევე, როგორც თომასმა მშობლებს იმის იმედი, რომ ფერმერი გახდებოდა, გაუცრუა, მისმა ვაჟმაც, ენდრიუმ, ოჯახის იმპერიის ნამდვილმა შემქმნელმა, თავისი საკუთარი გზა აირჩია: იგი საუკუნის დასაწყისის ვენჩურული კაპიტალისტი გახდა. 1889 წელს, ანდრიუმ 25 000 აშშ დოლარის სესხი გასცა ალუმინის მწარმოებელ Pittsburgh Reduction Co.-ისთვის და მოგვიანებით კომპანიაში წილი შეიძინა. მოგება, 1898 წლის 87 000 აშშ დოლარის მაჩვენებლიდან 1900 წელს 322 000 აშშ დოლარის მაჩვენებელზე ავიდა – და შემდეგ სწრაფად გადალახა მილიონდოლარიანი ნიშნული. დღეს კომპანია Alcoa-ს სახელით არის ცნობილი.

ათი წლის შემდეგ, Union Steel-ის შექმნაში მან 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ოთხი წლის შემდეგ კი კომპანია J.P. Morgan-ის U.S. Steel-ს მიჰყიდა და, სავარაუდოდ, გაყიდვიდან 41 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო (მოგვიანებით, იგი აშშ-ის ხელისუფლებამ Union-ის საბალანსო უწყისში აქტივების ღირებულების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა).

იგი ასევე ინვესტიციებს მომავალ თაობებში ახორციელებდა: ენდრიუს ძმისშვილი, უილიამ ლარიმერ მელონი, თავისი ბიძასავით და ბაბუასავით მოწადინებული იყო, საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. ოჯახისგან მიღებული საწყისი კაპიტალით, 10 000 აშშ დოლარით, მოახერხა როკფელერების ნავთობის ბიზნესისთვის კონკურენცია გაეწია. მოგვიანებით ხსენებული კომპანია Gulf Oil-ის სახელით გახდა ცნობილი. ამ ოპერაციიდან თითქმის ასი წლის შემდეგ, 1984 წელს, Gulf Oil-ი 13,3 მილიარდ აშშ დოლარად Chevron-მა იყიდა. როგორც ჩანს, მელონებმა კომპანიის აქციები შეინარჩუნეს. მოცემული აქციებით მათი ქონება სულ რაღაც 2,5 მილიარდი აშშ დოლარით შეიცვალა.

ენდრიუ მსახურობდა აშშ-ის ხაზინის მდივნის პოზიციაზე აშშ-ის სამი პრეზიდენტის მმართველობის ხანაში, 1921 წლიდან 1932 წლამდე პერიოდში – მის დამსახურებად ხმაურიანი 20-იანი წლები მოიაზრება, მას ასევე ამერიკის დიდ დეპრესიაში ადანაშაულებდნენ. 1973 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მისმა სიმდიდრემ 280 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია – დღევანდელი ღირებულებით – 4 მილიარდ აშშ დოლარს – საუკუნის დასაწყისში მის ხელთ არსებული 50 მილიონი აშშ დოლარიდან – ეს სიმდიდრე ენდრიუმ მისი მამისთვის წარმოუდგენელი გზებით შექმნა.

დღევანდელ დღეს, ოჯახის წევრებისთვის, მელონების “საბანკო” სფეროში შექმნილი სიმდიდრე უძველეს ცნებად აღიქმება. “იმ პირებმა, რომელთაც მნიშვნელოვანი წილები ჰქონდათ ბანკში, თავიანთი ფულის უკეთესი გამოყენების საშუალებები იპოვეს, – აცხადებს მეთიუს ბიძა ჯეიმსი. – ზოგიერთი ჩვენგანი ისევ სარგებლობს ბანკებში სატრასტო დაბანდებებით, მაგრამ ეს ის ერთადერთი კავშირია, რომელიც ჩვენ ამ დაწესებულებასთან გვაქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, საბანკო საქმე უკვე დიდი ხანია, ინტერესს მოკლებულ ბიზნესს წარმოადგენს”.

მართალია, თანამედროვე მელონები არ არიან ისეთი ცნობილი სახელების მქონე, როგორიცაა კომპანიები Alcoa, Gulf Oil-ი, ან ოჯახის სახელობის ბანკის მფლობელები, მაგრამ ისინი კვლავ ასრულებენ მოსამართლის მოთხოვნას – განახორციელონ ინვესტიციები და მოახდინონ დივერსიფიკაცია. თომას მელონ ევანსმა 290 მილიონი აშშ დოლარი დააგროვა და 1997 წელს გარდაიცვალა მუქარის შემცველი ეპითეტით შემკული: “ბიზნესის ყბები”. მან 1931 წელს მუშაობა Gulf Oil-ის სტატისტიკის დეპარტამენტში დაიწყო და კომპანიების დაუფლების საქმის ნამდვილი ხელოვანი გახდა, რომელმაც 80-ზე მეტი კომპანია შეისყიდა შეუმცდარი ფორმულის გამოყენებით: კომპანიის დაშლის შემთხვევაში, იგი ღირებულებაზე მეტს არასდროს იხდიდა.

კიდევ ერთ თაობას თუ გადავახტებით, ტიმოთი მელონმა 1960-იან წლებში, საქმიანობა კომპიუტერული პროგრამირების კომპანიის შექმნით დაიწყო, შემდეგ ისეთ დარგებში გაფართოვდა, რომლებიც უფრო მეცხრამეტე საუკუნისთვის იყო ტიპური – შექმნა ახალი ინგლისის სარკინიგზო კომპანია Guilford-ი. დღეს მისი პირადი ქონების ღირებულება თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარია.

ოჯახის შემდეგი წარმომადგენელია რიჩარდ სკაიფი, 82 წლის; მან 1970 წელს მცირე ზომის საგარეუბნო გაზეთი შეიძინა და მისი დღევანდელ Pittsburgh Tribune-Review-დ გარდაქმნა შეძლო. იგი ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ბილ კლინტონის შესახებ ბინძური ინფორმაციის მოპოვების მცდელობებს აფინანსებდა; სკაიფი დასავლეთ პენსილვანიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მედიამაგნატია, რომელიც ფლობს რამდენიმე ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთსა და წილს Newsmax-ში, კონსერვატიული ხასიათის ელექტრონულ ჟურნალში. მისი პირადი ქონების ღირებულება 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ოჯახის ისტორიას მივყავართ მეთიუ მელონამდე, რომელიც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ინვესტიციებს ფართო დიაპაზონის პირად ბიზნესმისწრაფებებში ახორციელებს. მამამისი, კარლ მელონი, მეთიუს მთელი ბავშვობის განმავლობაში უყურადღებო მშობელი იყო და მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ თემის წამოწევა მეთიუს არ სიამოვნებს. მისი დედა – ანა და მამინაცვალი, ჯ. რივ ბრაითი ერთ დროს რესპუბლიკური პარტიის ადვოკატი და თეოდორ რუზველტის შორეული ნათესავი, მეთიუს არ უმხელდნენ ისტორიას მელონების შესახებ და იმასაც, თუ მემკვიდრეობის თვალსაზრისით, რისი მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა.

ასე რომ, 21 წლის მეთიუსთვის შოკისმომგვრელი იყო 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 14 სატრასტო ფონდის მემკვიდრეობით მიღება. “ასეთი გამონათქვამი არსებობს – მეტი ფული – მეტი პრობლემაა”, – ამბობს მეთიუ. იმის მწირი ცოდნით, მელონების გვარის შესაფერისად როგორ ეცხოვრა ან ფული როგორ მოეხმარა, მან, ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე ოფიციალურად მუშაობის დროს, პატარა შავი ფერარით სამხრეთი კალიფორნია შემოიარა და საბერძნეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ერთად სენ-ტროპეს ყურე გადაცურა. (“მართლაც რომ კარგი ბიჭია”, – აცხადებს პრინცი პავლოსი). მეთიუ მართავდა წვეულებებს, კლდეებზე შოტლანდიური ვისკის სმით იღებდა სიამოვნებას და ნელ-ნელა კოკაინზე დამოკიდებული ხდებოდა.

მეწარმეობამ მას, 1998 წელს, ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე მიაგნო. სწორედ აქ შეხვდა იგი თამარა იარდის, რომელიც ამ დროს ფეხსაცმელების ხაზს – Jimmy Choo-ს ქმნიდა. ისინი დაქორწინდნენ და მელონების გენმა მასშიც გაიღვიძა – პირველად Jimmy Choo-ს მამაკაცების ფეხსაცმელების ხაზის შექმნისას და შემდეგ, საკუთარი ფეხსაცმელების ბრენდის, Harrys of London-ის (სპორტული ფეხსაცმელივით რბილი და უცნაური, თვითმფრინავის ფრთის ფორმის ფეხსაცმელები) შექმნის პროცესში.

Harrys-მა გარკვეული პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან თანამედროვეობას ათწლეულით გაუსწრო. “ჩემი აზრით, ეს ფეხსაცმელი დღეს რომ შემოსულიყო ბაზარზე, ბევრად დიდ პოპულარობას მოიპოვებდა და უფრო გლობალურ შედეგებს მიაღწევდა”, – აცხადებს მაიკლ ეტმორი, Footwear News-ის რედაქტორი. შემდეგ ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა (ერთ-ერთ ინვესტიციაზე მოლაპარაკებებს, მეთიუ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ცენტრის ტელეფონიდან აწარმოებდა). ამას მოჰყვა შეჩერებული გაყიდვები, დღეს გაყიდვების მაჩვენებელი 7 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელზეა (მან 2005 წელს, ყოველდღიური მენეჯმენტის უფლება დაკარგა და სულ მალე მისი ქორწინებაც იარდისთან დასრულდა).

თუმცა მელონის გაკვეთილებმა მაინც თავისი შედეგი გამოიღო. (“არასდროს არ უნდა შეეხო ძირითად თანხას. შენ ცდილობ მიღებული შემოსავლის 1% დახარჯო და ყოველთვის მოულოდნელობები ხდება. გაუთვალისწინებულ შემთხვევებს ყოველთვის აქვს ადგილი. ყოველთვის არის საქველმოქმედო საქმიანობა. დამიჯერეთ, რომ საბოლოო ჯამში, შემოსავლების 20%-ის ხარჯვამდე მიდიხართ”.) და როდესაც გამოფხიზლდა, ინვესტიციების განხორციელება დაიწყო: ხელოვნების ონლაინ სააუქციონო სახლ Paddle-ში, ასევე ალექს ფონ ფურსტენბერგში და დემიენ ჰერსტში, YouTube-ის არხში, სახელწოდებით StyleHaul-ი, რომელიც აწარმოებს მოკლემეტრაჟიან ფილმებს თემაზე, თუ როგორ ჩავიცვათ კარგად.

და მისი მოდაში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით (Jimmy Choo-სა და Harrys-ის გარდა, იგი ასევე ხვდებოდა ტორი ბერჩს კოლეჯში სწავლის პერიოდში), იგი კვლავ მოდას დაუბრუნდა. თავის მეორე ცოლთან, ნიკოლ ჰენლისთან – (რალფ ლორენის ყოფილი დიზაინერი) ერთად, მან ახალი კომპანია Hanley Mellon-ი შექმნა, ელექტრონული ვაჭრობის მაღაზიით, სადაც ქალის ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა შეიძლება. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ნიკოლი უორჰოლის ორი ნამუშევრით დამშვენებული სასტუმრო ოთახიდან მუშაობს და მოდის ბიზნესს მართავს; ამასთან, მეთიუ კონცენტრაციას ბიტკოინ სტარტაპების ინკუბატორ კომპანიაზე CoinApex-ზე აკეთებს, რომელიც მის არაკონვენციურ შეხედულებებს კარგად ესადაგება (ერთ დროს მან თანხა შეიტანა ჯულიან ასანჟის გირაოთი გათავისუფლების მიზნით).

ჯერჯერობით ყველაფერი არარეალურად კარგად გამოიყურება, თუმცა მეთიუ ამტკიცებს, რომ გამოსყიდვის წინადადება, 20 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში, მიიღო ყველაზე იმედისმომცემ კომპანიის Coin.co-ს თაობაზე. ეს გახლავთ ბიტკოინების გადახდების პროცესორი, რომელიც PayPal-ის მსგავსად ახდენს გამყიდველებსა და მყიდველებს შორის დოლარებში განხორციელებული ტრანზაქციების დამუშავებას. “მეთიუ ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა, ისინი კი მას იდეების ხორცშესხმაში ეხმარებიან, – აცხადებს ჯ. ტოდ მორლი, Guggenheim Partners-ის დამფუძნებელი და მეთიუს დიდი ხნის მეგობარი. – როგორც ვიცი, ის კარგა ხანია სწავლობს ბიტკოინებს და ამ სფეროს წამყვან წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს”.

მაგრამ უკვე შეიცვალა მეთიუს, როგორ მელონის აღქმა. მისი მამიდა, რეიჩელ “ბანი” მელონი ამ გაზაფხულზე გარდაიცვალა. მეთიუ ვირჯინიაში დასაფლავებაზე დასასწრებად გაემგზავრა – ეს ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევათაგანია, რომელიც მელონებს ერთად თავს უყრის. გარკვეულ მომენტში, მეთიუმ ბანის ერთ-ერთ მრჩეველთან საუბარი წამოიწყო. “მან მითხრა: ’შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გონება რაღაც უზარმაზარით არის დაკავებული. თქვენ შესაძლოა, მეორე ენდრიუ მელონად იქცეთ ამ სფეროში’, – იხსენებს მეთიუ. – ეს სიტყვები უდიდეს კომპლიმენტად მივიღე”, – აცხადებს იგი.

მელონების ოჯახის ისტორია:

1818

5 წლის ასაკში თომას მელონი ირლანდიიდან აშშ-ში გადადის; ოჯახი სახლდება და ყიდულობს ფერმას ე.წ. სიღარიბის წერტილში, პიტსბურგის სასოფლო ტიპის უბანში.

1843

აქტიური იურიდიული საქმიანობა და მოგებიანი ინვესტიციები უძრავ ქონებაში შედეგად გვაძლევს მელონის ქონების წმინდა ღირებულების გაზრდას 12 000 აშშ დოლარამდე (დღევანდელი კურსით 350 000 აშშ დოლარზე მეტი).

1859–69

ქვეყნის სასამართლოებში ათწლიანი ვადით მუშაობის შემდეგ იმსახურებს მეტსახელს “მოსამართლე”. სასამართლოდან წამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე აფუძნებს მცირე ზომის კერძო ბანკ T. Mellon & Sons-ს 10 000 აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტებით. ვაჟი ენდრიუ მთელი მონდომებით სწავლობს საბანკო საქმის საფუძვლებს.

1883

თავისი მამის ასლი, ენდრიუ, მართავს ოჯახის ბანკს და აფართოებს საინვესტიციო პორტფელს. ეხმარება ჯონ პიტკაირნს Pittsburgh Plate Glass-ის, დღევანდელი PPG Industries-ის, შექმნაში.

1888

გადაიტანეს რა დიდი დეპრესია, ენდრიუ და მისი ძმა რიჩარდ ბეტი მელონი ინვესტიციას ახორციელებენ ალუმინის მცირე მწარმოებელში – შემდგომში კომპანია ცნობილი გახდა Alcoa-ს სახელით.

1892

უკვე ძალაუფლების მქონე ბიზნესოჯახი, მოსამართლე, მისი ვაჟიშვილები – თომასი, ჯეიმსი, რიჩარდი და ენდრიუ – და შვილიშვილი უილიამ ლარიმერი მელონი, თითოეული მათგანი New York Tribune-ის ამერიკელი მილიონერების სიაში ხვდება. ერთობლივი წმინდა ღირებულება 2014 წლის ეკვივალენტით 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

1895

ენდრიუ და რიჩარდი Standard Oil-ის მაგნატს ჯონ დ. როკფელერს აღიზიანებენ პენსილვანიაში კონკურენტული ნავთობის ოპერაციების დაწყებით, თუმცა მეტოქეები რიგდებიან და თავიანთ წილებს Standard-ის შვილობილ კომპანიას მიჰყიდიან.

1901

იგივე დუეტი კიდევ ერთხელ უბრუნდება ნავთობს, ინვესტიციას ახორციელებს ახლად შექმნილ ნავთობის რაფინირების ბიზნესში პორტ-არტურში მდებარე , კომპანია Tex. W.L.-ში შემდეგ მართავს სრულფასოვან ოპერაციებს სახელწოდებით Gulf Oil, რომელიც შემდგომში მელონების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიან საწარმოდ იქცა.

1914-15

დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის წმინდა ღირებულების ქონებით, ენდრიუ მელონი მილიარდერია – მილიარდზე ორჯერ მეტი თანხა გააჩნია – თუკი მის ქონების ღირებულების დღევანდელ ეკვივალენტს განვსაზღვრავთ. მელონების იმპერიაში გაერთიანებულია ისეთი სფეროები, როგორიცაა საბანკო სფერო, ფინანსები, ნახშირი, ნავთობი, მინა, კომუნალური მომსახურებები, ალუმინი, რკინიგზის მანქანები, ფოლადი და გემთმშენებლობა.

1921-32

ენდრიუ მელონი მსახურობს აშშ-ის ხაზინის მდივნად ჰარდინგის, ქულიჯისა და ჰუვერის ხელმძღვანელობის პერიოდებში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშია ამ პოზიციაზე, შესაბამისად, ჰუვერთან ერთად კრიტიკისა და ლანძღვის ობიექტი ხდება ამერიკის დიდ დეპრესიაში შეყვანის გამო.

1937

ენდრიუ მელონი გარდაიცვალა, რუზველტის მიერ ჩატარებული საგადასახადო თაღლითობაზე გამოძიების დასრულებამდე (მისი გამართლება). ქონების დიდი ნაწილის შვილებისთვის, სატრასტო ფონდებისა და ფილანთროპიული მიზნებით განაწილებამდე მისი ქონების წმინდა ღირებულება 280 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება – დღევანდელი შეფასებით 4 მილიარდი აშშ დოლარი.

1941

ენდრიუ მელონის მიერ ორკესტრირებული საჩუქარი საზოგადოებას, ხელოვნების ნაციონალური გალერეა ვაშინგტონში, რომელსაც საფუძველი მისი უზარმაზარი პირადი კოლექციით ჩაეყარა, ხსნის კარებს ვიზიტორებისთვის.

1946

რიჩარდ ბეტის ვაჟი რიჩარდ კინგ მელონი, ენდრიუს ძმისშვილი და ოჯახის საბანკო ოპერაციების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ახორციელებს Mellon National Bank-ისა და Union Trust Co.-ს, მელონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების შერწყმას.

1947

იქმნება რიჩარდ კინგ მელონის ფონდი, რომლის მიზანია სამხრეთ-დასავლეთ პენსილვანიაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ფონდს დღეს გააჩნია 2,1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები და ის ფუნქციონირებს BNY მელონის ცენტრის 55-სართულიან შენობაში, პიტსბურგში.

1959

თომას მელონ ევანსი, მოსამართლის შორეული ნათესავი, ჩინებული ფინანსისტი და კომპანიების დაუფლების ხელოვანი, ახორციელებს დაუნდობელ, მაგრამ წარმატებულ ბრძოლას წყალსადენი სისტემების მომწოდებლის Crane Co-ის შესყიდვისთვის. 1980-იანი წლების შერწყმებისა და შესყიდვების (M&A) მანიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ამგვარი გარიგებებით მიიღო მეტსახელი “ბიზნესის ყბა”.

1966

პოლ მელონი, ენდრიუს ვაჟი, ახორციელებს მოლაპარაკებებს მისი მამისა და რიჩარდ ბეტის მიერ 1913 წელს მოსამართლის პატივსაცემად შექმნილი მელონის ინსტიტუტის კარნეგის ტექნიკურ ინსტიტუტთან შერწყმის შესახებ. იქმნება კარნეგი მელონის უნივერსტეტი.

1969

თავის დასთან ერთად ფონდების კომბინაციის გზით, პოლ მელონი ქმნის ენდრიუ ვ. მელონის ფონდს, რომელიც მხარს უჭერს ხელოვნებასა და უმაღლეს განათლებას. ეს ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი გრანტების გამცემი ორგანიზაციაა – დღევანდელი მდგომარეობით ორგანიზაციის აქტივების ღირებულება 5,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

1981

ტიმოთი მელონი, ენდრიუ მელონის შვილიშვილი, იწყებს რკინიგზის იმპერიის შექმნას ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში, ყიდულობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა, მაგალითად, Maine Central Railroad-ი. შეისყიდის გაბანკროტებული ავიახაზების Pan Am-ის ბრენდს 1998 წელს, თავის კომპანიას სახელად არქმევს Pan Am Systems-ს.

1984

Chevron-ი ყიდულობს Gulf Oil-ს 13,3 მილიარდ აშშ დოლარად; კომპანიის აქციონერი მელონის ოჯახის წევრები აორმაგებენ თანხებს – ამას მოგვიანებით აცხადებს ავტორი ჯეიმს მელონი, კომპანიის თანადამფუძნებლის ვ.ლ. მელონის შვილიშვილი.

1995

პიტერ შტეფაიხი ვ.ლ. მელონის შვილთაშვილი ტოვებს უოლ-სტრიტს და სათავეში უდგება ოჯახის საკუთრებაში არსებულ კომპანია Campbell Transportation-ს. როგორც თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და აქციების უმრავლესობის მფლობელი დღეს აცხადებს, რომ პენსილვანიაში დაფუძნებული საზღვაო მომსახურებებისა და გადაზიდვების კომპანიის მიერ გამომუშავებული შემოსავლები 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

1996

Forbes-ის შეფასებით მელონის კლანის ქონების წმინდა ღირებულება 5,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

1999

რიჩარდ მელონ სკაიფი, რიჩარდ ბეტი მელონის შვილიშვილი და Forbes 400-ის მკვიდრი (2013 წლის მდგომარეობით ქონების წმინდა ღირებულება – 1,5 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას ახორციელებს კონსერვატიულ მედიასტარტაპ Newsmax-ში, რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველთვიურად 14 მილიონს აჭარბებს 2013 წლისათვის.

2007

Mellon Financial-ი ასრულებს 16,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შერწყმას Bank of New York-თან, რითაც წყდება ოფიციალური კავშირი ოჯახთან – მოსამართლის მიერ მისი დაფუძნებიდან 138 წლის შემდეგ.

2013–14

მეთიუ მელონი ახდენს 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას Coin Apex-ში, ბიტკოინ სტარტაპების ინკუბატორ კომპანიაში. მზად არის თავის მეუღლესთან ერთად გაუშვას მოდის ხაზი Hanley Mellon-ი.

წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილი: "ეს არის ბრძოლა, სადაც არ შეიძლება უკან დახევა"
19 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები. 2014
21 ნოემბერი, 2014
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა