10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის სათამაშოდ ევროპელი ფეხბურთელები ძირითადად კარიერის მიწურულს მიდიან, თუმცა ვაკო ყაზაიშვილის შემთხვევაში საქმე საპირისპირო ამბავთან გვაქვს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მომავალი წლიდან სან ხოსე „ერსქვეიქის“ ღირსებას დაიცავს, ამ ტრანსფერის ღირებულება კი არაოფიციალური ინფორმაციით 2 მილიონი ევროა. სანამ სატრანსფერო ბაზარი კიდევ უფრო გახურებულა, გადავწყვიტეთ 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი წარმოგიდგინოთ, მაშ ასე:

მე-10 ადგილზე  ვალერი გვილიაა. ის BATE Borisov-ის ღირსებას იცავს და მისი ღირებულება 900 000 ევროს შეადგენს. მე-9 და მე-8 პოზიციაზე საქართველოს ნაკრების მილიონ ევროდ შეფასებული  კაპიტანი ჯაბა კანკავა და ახალგაზრდა ფორვარდი, გიორგი ქვილითაია არიან. 

მეშვიდე პოზიციას გიორგი ლორია იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1,2 მილიონ ევრომდე დაიკლო. მისგან განსხვებით, კიდევ ერთი ქართველი მეკარის – გიორგი მაკარიძის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა და დღეისთვის 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, რითიც ჩამონათვალში მე-6 ადგილზე იმყოფება. მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას და ბოლო დროს პრესამ მისი სახელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს – ლისაბონის Benfica-ს დაუკავშირა.   

ხუთეულს თორნიკე ოქრიაშვილი ხსნის, რომელის საბაზრო ფასი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს. შარშანდელთან შედარებით, მისი ღირებულება 300 000 ევროთია შემცრიებული, რაც ძირითადად ტრავმებით არის გამოწვეული. 

მეოთხე პოზიციაზე გურამ კაშიაა. ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

მესამე ადგილზე 24 წლის ჯანო ანანიძეა, რომელიც წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა. მისი ფასი 3 მილიონ ევრომდე მერყეობს. 

ექსპერტების მიერ ანალოგიურადაა შეფასებული ვაკო ყაზაიშვილი. გასულ წელთან შედარებით, მისი ღირებულება ნახევარი მილიონი ევროთი შემცირდა. 

პირველ ადგილზე კი სოლომონ კვირკველიაა. საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველის სატრანსფერო ღირებულება 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. კვირკელიას სატრანსფერო ღირებულება 2016 წელს 5 მილიონ ევროს შეადგენდა. 

10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის საერთო ღირებულება 17.7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 მილიონი ევროთი ნაკლებია სომხეთის ნაკრებისა და Manchester United-ის ფეხბურთელის – ჰენრიკ მხითარიანის ღირებულებაზე.