2026 წელს სატრანსპორტო და კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე ₾1.8 მილიარდის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ თანხის თითქმის 58% მხოლოდ ათ პროექტზე მოდის.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 55 მსხვილ სატრანსპორტო და კომუნალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს, რომლებზეც ₾11 მილიარდი უკვე დაიხარჯა, ხოლო 2026-2029 წლებში ₾7.7 მილიარდი უნდა დაიხარჯოს.
თუმცა წლევანდელი დაფინანსების დიდი ნაწილი პროექტების შედარებით მცირე ჯგუფშია კონცენტრირებული: ათ ყველაზე მსხვილ პროექტზე ჯამში ₾1 მილიარდია გათვალისწინებული. მათი სრული საბიუჯეტო ღირებულება დაახლოებით ₾10.2 მილიარდია.
ათეულში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მკვეთრად დომინირებს. გზებზე, გვირაბებსა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ სამუშაოებზე წლევანდელი დაფინანსების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის. სამი პროექტი კი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას ეხება.
55 პროექტიდან 45 პროექტი საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 14 მლრდ ლარია.
მეთოდოლოგია: რეიტინგი შედგენილია 2026 წლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხის მიხედვით და არა პროექტების სრული ღირებულებით. მასში არ შედის ფართო სარეაბილიტაციო პროგრამები, როგორებიცაა მაგალითად, გზების პერიოდული შეკეთება, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია.
1. თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა: ₾180 მილიონი

დაფინანსება: სახელმწიფო ბიუჯეტი
განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რას მოიცავს: წიწამური-ზაჰესი-აეროპორტის კვანძის 29-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ახალმა გზამ სატრანზიტო და საქალაქთაშორისო მოძრაობის ნაწილი თბილისის გარეთ უნდა გაიტანოს. შედეგად, ნაწილობრივ გაიმიჯნება საქალაქო და სატვირთო ნაკადები და შემცირდება დედაქალაქის საგზაო ქსელზე დატვირთვა.
2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობა: ₾165 მილიონი

დაფინანსება: აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი
განმახორციელებელი: სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“
რას მოიცავს: ბათუმი-სარფის მონაკვეთზე ახალი 11-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომლის დაახლოებით 7 კილომეტრი გვირაბზე მოდის. პროექტის ნაწილია გრიგოლეთი-ჩოლოქის 14-კილომეტრიანი მონაკვეთიც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ახალი გზა საქართველოს მთავარ სატრანსპორტო დერეფანს სარფის სასაზღვრო პუნქტთან და თურქეთთან დააკავშირებს. ის შეამცირებს ბათუმსა და სანაპირო დასახლებებში ადგილობრივი, ტურისტული და საერთაშორისო სატვირთო მოძრაობის გადაკვეთას და გააუმჯობესებს აჭარის სატრანსპორტო კავშირს.
3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა
2026 წლის ბიუჯეტი: ₾150 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾1.4 მილიარდი
2026 წელს დაიხარჯება: ₾150 მილიონი
სრული ღირებულება: დაახლოებით ₾1.8 მილიარდი
დაფინანსება: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სახელმწიფო ბიუჯეტი
განმახორციელებლები: სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რას მოიცავს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას. პროექტში ასევე შედის ხანდო-ფასანაურის შემოვლითი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის 20-კილომეტრიანი მონაკვეთები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქვეშეთი-კობის გვირაბი გვერდს აუვლის ჯვრის უღელტეხილის ზვავსაშიშ და რთულ მაღალმთიან მონაკვეთს. ამან ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანზე გადაადგილება უფრო უსაფრთხო და მთელი წლის განმავლობაში სტაბილური უნდა გახადოს. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის კავშირისთვის დანარჩენ ქვეყანასთან.
4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა
2026 წლის ბიუჯეტი: ₾127 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾710 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾127 მილიონი
სრული ღირებულება: ₾1.4 მილიარდი
დაფინანსება: მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა
განმახორციელებლები: სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რას მოიცავს: ლოჭინი-საგარეჯოს 31.5-კილომეტრიანი, საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი და ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობას. პირველი ორი მონაკვეთის დასრულება 2026 წელს იგეგმება, ბადიაური-ბაკურციხის კი — 2029 წელს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ახალი გზა კახეთს თბილისთან უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ დააკავშირებს და დასახლებებზე გამავალი ძველი გზის დატვირთვას შეამცირებს. გაუმჯობესებული კავშირი მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ღვინის ინდუსტრიისთვისაც, რომელთა კონკურენტუნარიანობა სწრაფ და საიმედო ლოგისტიკაზეა დამოკიდებული.
5. იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
2026 წლის ბიუჯეტი: ₾120 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾175 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾120 მილიონი
სრული ღირებულება: ₾567 მილიონი
დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი — KfW
განმახორციელებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რას მოიცავს: სამტრედიაში, ბაღდათში, ვანსა და ყაზბეგში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასა და მოწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროექტმა უნდა გააუმჯობესოს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი და საიმედოობა და გაზარდოს ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემების დაფარვა. გამწმენდი ნაგებობები შეამცირებს გაუწმენდავი ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურებას. გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ტურისტული და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვისაც.
6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა
2026 წლის ბიუჯეტი: ₾94 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾2.7 მილიარდი
2026 წელს დაიხარჯება: ₾94 მილიონი
სრული ღირებულება: ₾2.8 მილიარდი
დაფინანსება: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი
განმახორციელებელი: სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“
რას მოიცავს: სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი გზისა და 41 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-მოდერნიზაციას, რაზეც 2026 წელს ₾70 მილიონი დაიხარჯება. ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, 17 ხიდსა და 3 გვირაბზე ₾20 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე, 27 ხიდსა და 18 გვირაბზე: ₾4 მილიონი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უწყვეტობას უზრუნველყოფს. დერეფანი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა გადაადგილებისთვის, ისე შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული სატრანზიტო ტვირთებისთვის. ახალი ხიდები და გვირაბები რთულ რელიეფზე გადაადგილების უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობასაც ზრდის.
7. ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება
2026 წლის ბიუჯეტი: ₾74 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾156 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾74 მილიონი
სრული ღირებულება: ₾335 მილიონი
დაფინანსება: საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი
განმახორციელებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რას მოიცავს: დაახლოებით 200 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 45 კილომეტრი წყალარინების ქსელის მოწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ორი სათავე ნაგებობისა და მათთან დაკავშირებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას და წყლის რეზერვუარების მშენებლობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროექტმა ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში წყლის მიწოდება უფრო უწყვეტი და საიმედო უნდა გახადოს. წყალარინების ქსელის განვითარება შეამცირებს გაუწმენდავი ჩამდინარე წყლებით გამოწვეულ ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით რისკებს.
8. აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი
2026 წლის ბიუჯეტი: ₾54 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾109 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾54 მილიონი
სრული ღირებულება: ₾171 მილიონი
დაფინანსება: ევროკავშირი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი — KfW
განმახორციელებელი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
რას მოიცავს: წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემების მოწყობას ხულოში, შუახევში, ქედაში, ზედა და ქვედა ერგეში, ზედა და ქვედა ჯოჭოსა და ოჩხამური-ცეცხლაური-ჯიხანჯურის დასახლებებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროექტმა აჭარის სოფლებისა და დაბების მოსახლეობას სუფთა წყლის უფრო სტაბილური მიწოდება უნდა უზრუნველყოს. წყალარინების სისტემები შეამცირებს სანიტარიულ და გარემოსდაცვით პრობლემებს. გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა ასევე აუცილებელია სოფლებში ტურიზმისა და ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული პროექტების მდგრადი განვითარებისთვის.
9. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
2026 წლის ბიუჯეტი: ₾50 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾120 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾50 მილიონი
სრული ღირებულება: ₾295 მილიონი
დაფინანსება: სახელმწიფო ბიუჯეტი
განმახორციელებელი: სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
რას მოიცავს: ტალღისმჭრელის მშენებლობასა და პორტის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებას. 2026 წლის ივლისში დაგეგმილია დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, რომლებიც 2027 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დასრულებულია დეტალური დიზაინის მომზადება და მოწყობილია სამშენებლო მოედნის მნიშვნელოვანი ნაწილი. აშენდა საოფისე და სასაწყობე სივრცეები, გარე განათება, ვიდეომეთვალყურეობა, პერიმეტრის შემოღობვა და იქსბლოკების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტალღისმჭრელი და საჭირო სიღრმის აკვატორია აუცილებელია, რათა პორტმა დიდი ზომის გემების მიღება შეძლოს. პროექტმა საქართველოს საპორტო სიმძლავრე და შუა დერეფანში მისი როლი უნდა გაზარდოს. საბოლოო ეკონომიკური შედეგი კი დამოკიდებული იქნება ტვირთბრუნვაზე, ოპერატორზე და პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
10. ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა
2026 წლის ბიუჯეტი: ₾45 მილიონი
უკვე დახარჯულია: ₾7 მილიონი
2026 წელს დაიხარჯება: ₾45 მილიონი
სრული ღირებულება: ₾327 მილიონი
დაფინანსება: აზიის განვითარების ბანკი
განმახორციელებელი: სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“
რას მოიცავს: მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვასა და ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გზა ანაკლიის პორტს საქართველოს ძირითად საგზაო ქსელთან დააკავშირებს. მის გარეშე პორტიდან კონტეინერებისა და სხვა ტვირთების სწრაფი და მაღალი გამტარუნარიანობით გადაადგილება შეუძლებელი იქნება. პროექტის ეკონომიკური მნიშვნელობა პირდაპირ არის დაკავშირებული თავად პორტის ამოქმედებასა და ტვირთბრუნვის მოცულობასთან.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი















