ქართული ცემენტის საუკუნე

ქართული ცემენტის საუკუნე
ქართული ცემენტის 100-წლიან ისტორიაში ჰანიველ ცემენტი ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა – ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, საწარმოო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ახალი გაფართოების გეგმებით. კომპანიის დირექტორის, დავით ჯუღაშვილის ხედვით, ინდუსტრიის მომდევნო ეტაპს მეტი სიმძლავრე, ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა განსაზღვრავს. 

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ქართული ცემენტის ინდუსტრია 100 წლისაა. როგორი იყო მისი განვითარების გზა დაარსებიდან დღემდე და რა გარდამტეხი ეტაპები გაიარა ამ დროის განმავლობაში?

ფაქტი, რომ საქართველოში რომელიმე ინდუსტრია 100 წელს ითვლის, უკვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. საქართველოს ინდუსტრიულ კალენდარში კასპის ქარხნის მშენებლობის დაწყება ნამდვილად ისტორიული თარიღია. ამას მოჰყვა 1956 წელს რუსთავის ცემენტის ქარხნის მშენებლობა.

ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომლებიც ყველამ ვიცით, ჰესები, პორტები, ხიდები, რკინიგზა, აეროპორტები, სტადიონები — სწორედ ამ ორ ქარხანაში წარმოებული ცემენტით არის შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლისა და რთული 90-იანი წლების შემდეგ, 2006 წლიდან კომპანიის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. შესაბამისად, წელს ჩვენი კომპანიის ახალი ისტორიის 20 წლის იუბილესაც აღვნიშნავთ.

საქართველოს ბაზარზე ჰაიდელბერგცემენტი 2006 წელს შემოვიდა. რა გავლენა ჰქონდა მასთან პარტნიორობას ჰანიველ ცემენტის განვითარებაზე?

ჰაიდელბერგცემენტთან პარტნიორობამ კომპანიის განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი კვალი დატოვა. ამ პერიოდში აშენდა ახალი ცემენტის ქარხანა რუსთავში და დაიწყო არსებული სიმძლავრეების გადაიარაღება, რაც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ წარმადობის ზრდას, არამედ ქარხნების მოდერნიზაციას, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას.

განხორციელდა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შრომის უსაფრთხოების, ფილტრაციისა და გარემოზე ზემოქმედების მართვის სისტემებში. დაინერგა დასავლური სტანდარტები და შეიქმნა შესაბამისი პროფილური დეპარტამენტები. 2008 წლიდან დაიწყო ბეტონის ბიზნესხაზის განვითარება. სულ რამდენიმე წელიწადში კი ქარხნების რაოდენობამ 10-ს გადააჭარბა და, თბილისის გარდა, დაფარა ბათუმი, ფოთი და რუსთავი.

2017 წელს არსებულ დამფუძნებლებს — ჰაიდელბერგცემენტსა და ჯიაჯი ჰოლდინგს — თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი შემოუერთდნენ. იმავე წელს კასპში დაიწყო უახლესი ტექნოლოგიის კლინკერის ახალი მშრალი ხაზის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს დასრულდა და საშუალება მოგვცა, სრულად გაგვეჩერებინა სველი მეთოდის კლინკერის ღუმელები, რამაც დრამატულად გააუმჯობესა ეკოლოგიური მდგომარეობა.

მთავარი ფასეულობა, რაც ჰაიდელბერგცემენტმა დაგვიტოვა, გარდა უზარმაზარი გამოცდილებისა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ჯგუფში ყოფნას ახლავს თან, არის ჯანსაღი ბიზნესეთიკა, მართვის თანამედროვე სტანდარტი და შეკრული, გამოცდილი და ახალი გამოწვევებისთვის სრულ მზადყოფნაში მყოფი გუნდი.

რებრენდინგის გადაწყვეტილება კომპანიამ 2024 წელს მიიღო. რა შეიცვალა ამის შემდეგ საწარმოო პროცესში? გაუმჯობესდა თუ არა პროდუქციის ხარისხი?

2024 წლიდან კომპანიისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. შევიმუშავეთ განახლებული სტრატეგია, რომელიც მოიცავდა ახალი და ინოვაციური პროდუქტების წარმოებას, პროცესების გაციფრულებას, ლოგისტიკისა და გაყიდვების მომსახურების გაუმჯობესებას, ცემენტის წარმოების ზრდას და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას პიკური მოთხოვნის პირობებშიც კი.

გაფართოვდა ბეტონის ქარხნების ქსელი საქართველოს ყველა რეგიონის დასაფარად, 20%-მდე გაიზარდა ენერგიის ალტერნატიული წყაროების — მეორადი საბურავებისა და განახლებადი ელექტროენერგიის — წილი, დავიწყეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან — მსოფლიოს ცემენტისა და ბეტონის ასოციაციასა (GCCA) და გერმანიის ცემენტის ასოციაციასთან (VDZ) — მჭიდრო თანამშრომლობა და ინოვაციების დანერგვა.

ამ ნაბიჯების მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება გაუმჯობესებული სერვისითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით, მეორე მხრივ კი, დამატებითი საწარმოო სიმძლავრეების ხარჯზე, უზრუნველვყოთ პროდუქციის უწყვეტი მიწოდება ყველა რეგიონში, ყველაზე დატვირთულ სეზონებზეც კი.

რამდენად მაღალია კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე? როგორ ინარჩუნებთ ლიდერობას?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ ჰანიველ ცემენტი ფლობს კლინკერისა და ცემენტის ინტეგრირებულ ქარხნებს, ბაზარი მაინც უაღრესად კონკურენტულია. ცემენტზე მოთხოვნის ნაწილი იმპორტით კმაყოფილდება. ამასთან, ქვეყანაში ფუნქციონირებს მრავალი ადგილობრივი ცემენტის საწარმო, რომლებიც კლინკერს როგორც ჩვენგან, ისე იმპორტიორებისგან შეისყიდიან. დღეისთვის საქართველოში 20-მდე ცემენტისა და 200-ზე მეტი ბეტონის ქარხანა ოპერირებს, შესაბამისად, ბეტონის ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო დიდია.

ჰანიველ ცემენტი ქარხნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს. რა არის მთავარი ამგვარი ვრცელი ლოგისტიკური ქსელის გამართულად მუშაობაში?

აუცილებელია ცემენტისა და ბეტონის ქარხნების სპეციფიკის გამიჯვნა. გეოგრაფიული დაფარვის კუთხით, ცემენტის ქარხნების ამჟამინდელი ლოკაციები — რუსთავი, კასპი და ფოთი — საკმაოდ ხელსაყრელია და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასაც ვგეგმავთ. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამართული ლოგისტიკური სისტემა, რაც მოიცავს დატვირთვის წერტილებს, ცემენტმზიდებსა და ტერმინალებს. სიმძლავრეების ზრდასთან ერთად, ვაპირებთ ლოგისტიკური არსენალის სერიოზულ გადაიარაღებასაც. ბეტონი მკვეთრად ლოკალური პროდუქტია და შორ მანძილზე ტრანსპორტირების შეუძლებლობის გამო მისი მიწოდება შეგვიძლია მხოლოდ იქ, სადაც ჩვენი ქარხნებია განთავსებული. შესაბამისად, ბეტონის ქარხნების ქსელის მუდმივი გაფართოება ჩვენი სტრატეგიული მიზანია.

კომპანიას დღეს ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. როგორ ინარჩუნებთ და ავითარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას იმ პირობებში, როდესაც ბევრი ინდუსტრია კადრების დეფიციტს უჩივის?

თანამშრომლების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. რებრენდინგისა და ტრანსფორმაციის პროცესმა ნათლად დაგვანახა, რომ კომპანიის მთავარი ფასეულობა სწორედ ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდია. სწორედ ჩვენს გუნდსა და პარტნიორებს გამოუცხადეს მომხმარებლებმა უდიდესი ნდობა. მეტიც, ბოლო წლებში გვაქვს წარმოებისა და რეალიზაციის რეკორდული ზრდა, რაც უპირველესად ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა.

ჩვენ ვქმნით კარიერული წინსვლისა და ლიდერობის გამორჩეულ შესაძლებლობებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე ტექნიკურ პოზიციებზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მუშაობის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელს აღემატება, რაც საქართველოს რეალობაში მართლაც უნიკალური მაჩვენებელია. დიდ ყურადღებას ვუთმობთ კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრენინგებს, ლიდერული უნარების განვითარებას, კორპორაციული კულტურის გაძლიერებას და ჯანსაღი შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობას.

რა როლს ასრულებს ადგილობრივი წარმოება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და ინფრასტრუქტურული ზრდის პროცესში?

ჰანიველ ცემენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. მხოლოდ 2024-2025 წლებში ბიუჯეტში გადასახადების სახით ჯამურად 135 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს შეტანილი. თავიდანვე ვგრძნობდით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას სამშენებლო სექტორის მიმართ და უკვე ორი ათწლეულია, მის განვითარებას ვუდგავართ სათავეში.

ამ პერიოდში ბაზარზე დავნერგეთ ცემენტისა და ბეტონის საერთაშორისო სტანდარტები. ცემენტის წარმადობა 1.7 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ხოლო ბეტონის წარმოებამ 1 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ოპერირებს ბეტონის 16 ქარხანა, ასევე განვითარდა მობილური ქარხნების ქსელი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით განხორციელდა.

ამჟამად კომპანიაში 1,200 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ჩვენი მუდმივი კონტრაქტორების რიცხვი 5,000-ს აღემატება. გარდა ამისა, აქტიურად ვავითარებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „თბილისიმარათონი“, რომელიც დედაქალაქში 2012 წლიდან იმართება და არა მხოლოდ თბილისის სავიზიტო ბარათად, არამედ ათასობით მოქალაქისა და უცხოელი სტუმრის საყვარელ სპორტულ-სოციალურ ღონისძიებად იქცა.

გარემოზე ზრუნვა ინდუსტრიისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამ მიმართულებით ჰანიველ ცემენტს არაერთი ინიციატივა ჰქონდა, მათ შორის — ნარჩენი საბურავების საწვავად გამოყენება. დღეს როგორ პასუხობს კომპანია ამ გამოწვევას?

ბოლო 20 წლის განმავლობაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ათეულობით მილიონი დოლარი დავხარჯეთ. დავნერგეთ გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (ISO 14001) ცემენტის ქარხნებში, გავაჩერეთ სველი მეთოდის ყველა ღუმელი კასპისა და რუსთავის ქარხნებში, გაფრქვევის წყაროები თანამედროვე ფილტრაციის სისტემებით აღვჭურვეთ და შევამცირეთ ხმაურის დონე. გარდა ამისა, მივაღწიეთ კარიერების საერთაშორისო სტანდარტებით დამუშავებას, ემისიების, მათ შორის CO₂-ის, შემცირებასა და წიაღისეული საწვავის ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლებას.

უკვე აქტიურად ვიყენებთ ნარჩენ საბურავებს ალტერნატიული საწვავის სახით. ამით, ერთი მხრივ, ვამცირებთ ტრადიციული საწვავის — ქვანახშირის — მოხმარებას, რითაც CO₂-ის წლიური ემისია 9,500 ტონით მცირდება, მეორე მხრივ კი ხელს ვუშლით ბუნების დაბინძურებას ნარჩენი საბურავებით. სამომავლოდ ვგეგმავთ ანალოგიური ხაზის მოწყობას რუსთავის საწარმოშიც.

რა მთავარი გამოწვევებია ამჟამად ცემენტის ინდუსტრიაში და როგორ უმკლავდებით მათ?

საერთაშორისო დონეზე ცემენტის ინდუსტრია ისტორიულ ტრანსფორმაციას გადის, რომლის მთავარი აქცენტიც ეკოლოგიასა და რესურსების ოპტიმიზაციაზე კეთდება. გლობალური CO₂-ის ემისიის დაახლოებით 8% ცემენტის წარმოებაზე მოდის. ევროკავშირის ახალი რეგულაციები და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ტენდენცია ინდუსტრიას დიდ ფინანსურ და ტექნოლოგიურ წნეხს უქმნის. ამას ინდუსტრია პასუხობს კლინკერის წილის შემცირებით, წიაღისეული საწვავის ალტერნატიული საწვავით ჩანაცვლებითა და ენერგოეფექტურობის მაქსიმალური ზრდით.

ჩვენი მიზანია, კომპანია მზად შეხვდეს საქართველოში გარემოსდაცვითი რეგულაციების მოსალოდნელ გამკაცრებას. უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ვიყენებთ დაპატენტებულ ტექნოლოგიას, რომელიც აქტიური მინერალებით კლინკერის წილის შემცირების საშუალებას გვაძლევს. გარდა საბურავებისა, შეგვიძლია ქარხნებში მყარი ნარჩენების (RDF) საწვავად გამოყენებაც, მაგრამ ამისთვის ქვეყანაში უნდა შეიქმნას ნარჩენების სეპარაციის საწარმო, რაზეც მსხვილი მუნიციპალიტეტები დონორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

ცემენტის წარმოება ენერგოტევადი პროცესია, შესაბამისად, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი მერყეობა პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებასა და მიწოდების დივერსიფიკაციასთან ერთად, ვახორციელებთ საწარმოო ხაზების მოდერნიზაციას — გადავდივართ ახალ, ენერგოეფექტურ სისტემებზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თვითღირებულების დასაბალანსებლად.

რაც შეეხება ლოკალურ ბაზარს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ითხოვს მაღალი ხარისხის ცემენტის უწყვეტ მიწოდებას, რასაც ადგილობრივი სიმძლავრეები სეზონურად სრულად ვერ უმკლავდება. ეს გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც, რასაც ჩვენ კაპიტალური ინვესტიციებით ვპასუხობთ.

როგორ უნდა იქცეს ქართული ცემენტი საერთაშორისოდ უფრო მიმზიდველად? გვაქვს თუ არა ამის პოტენციალი?

ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მეზობელ ქვეყნებში ცემენტის ექსპორტი სხვადასხვა სავაჭრო ბარიერის გამო გართულებულია. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებით ვახორციელებთ კლინკერის ექსპორტს სომხეთში და მიგვაჩნია, რომ ამ ბაზარს მზარდი პოტენციალი აქვს.

რა არის ჰანიველ ცემენტის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტები მომდევნო ეტაპზე? რა მიმართულებით გეგმავთ გაფართოებასა და განვითარებას?

მაისის ბოლოს საფუძველი ჩავუყარეთ ახალი, თანამედროვე კლინკერის ღუმელისა და ცემენტის წისქვილის მშენებლობას კასპში, რაც 70 მილიონი დოლარის ჯამურ ინვესტიციას გულისხმობს. ეს ინვესტიცია არა მხოლოდ შეავსებს ბაზრის დეფიციტს, არამედ გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობასა და ხარისხს. 2027 წლიდან ვგეგმავთ ახალი ქარხნის მშენებლობას დასავლეთ საქართველოში, ხოლო 2028 წლიდან — რუსთავის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას. ეს ყველაფერი კი ბეტონის ქარხნების ქსელის მუდმივი გაფართოების ფონზე ხდება.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი