გუშინ Virgin Atlantic-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებით პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა. აღნიშნული მოვლენით კიდევ ერთხელ დადასტურდა დაბალი გამონაბოლქვის მქონე საწვავის ფართო პოტენციალი.
Rolls-Royce-ის მიერ წარმოებული Trent 1000 ძრავის მქონე Virgin Boeing 787-ით განხორციელებული რეისი ისტორიაში პირველი კომერციული ფრენა გახლდათ, რომელიც ორ კონტინენტს შორის 100%-ით მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებით შესრულდა.
აღნიშნული კონტინენტთშორისი ფრენა ავიაინდუსტრიის მიერ გამონაბოლქვის შემცირებისაკენ სწრაფვის დემონსტრირების პირველი მცდელობა არ გახლავთ – ამგვარი აქტივობით ინდუსტრია მსოფლიოს მთავრობებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. გუშინდელი ფრენის დროს სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი და რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ლონდონში სტანდარტული საავიაციო საწვავით დაბრუნდება.
ცნობისათვის, 100%-ით მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) სრულად ნარჩენებისაგან გადამუშავებით მიიღება და ის გამონაბოლქვს 70%-ით ამცირებს. თუმცა ტექნოლოგიის მაღალი დანახარჯები და მასალების დეფიციტი მდგრადი საავიაციო საწვავის ფართომასშტაბიანი წარმოების შესაძლებლობას არ იძლევა. დღესდღეობით მდგრადი საავიაციო საწვავის მოხმარება (SAF) გლობალურად საავიაციო საწვავების მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს, მისი ღირებულება კი სტანდარტულზე 3-5-ჯერ ძვირია.