11 ქვეყანა, სადაც ციფრულ ნომადებს ხელგაშლილად ელიან

11 ქვეყანა, სადაც ციფრულ ნომადებს ხელგაშლილად ელიან

დისტანციური მუშაობა ის გამორჩეული ტრენდია, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, თავად გადაეწყვიტათ, სად უნდათ ცხოვრება და სად – მუშაობა. ამ ყველაფრის ფონზე, ახალი ტერმინიც გაჩნდა – ციფრული ნომადი, რომელიც იმ ადამიანებს მიესადაგება, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ და საკუთარ დროს, როგორც წესი, მოგზაურობაში ატარებენ.

თავად ეს აქტივობა იმდენად პოპულარული გახდა პანდემიისას და მის შემდეგაც, რომ მსოფლიოს რიგმა სახელმწიფოებმა ის საკუთარი პოლიტიკის ნაწილად აქციეს და ასეთი ადამიანების, ანუ ციფრული ნომადების მოსაზიდად სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამები შექმნეს და გამარტივებული სავიზო რეჟიმები დააწესეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ციფრული ნომადის ვიზის მიღება არც თუ ისე რთულია – როგორც წესი, ამ ტიპის ვიზის მაძიებელმა ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი გარკვეულ ზღვარს სცდება და ისიც, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში ჩასვლით ის ადგილობრივ მაცხოვრებლებს სამსახურის პოვნას არ გაურთულებს.

არგენტინა
ფოტო: Ignacio Estevo via Unsplash

თუ ციფრული ნომადი ხართ და არგენტინაში გადაბარგება გსურთ, შესაბამისი ვიზა უნდა აიღოთ, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ მაისში შემოიღო. ამისთვის, შესაბამის ორგანოებს შრომის ხელშეკრულება ან ხელფასისა თუ ჰონორარის დამადასტურებელი ცნობის, შევსებული კითხვარის, მოქმედი პასპორტისა და სურათის წარდგენა მოგიწევთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს არგენტინაში მოგზაურობა და ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ისე კი, არგენტინაში ჩასულ მოქალაქეებს საკუთარი სტუმრობის სტატუსის შეცვლა და ციფრულ ნომადებად გადაკეთებაც შეუძლია – ვიზის 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში, სერვისი დაახლოებით $230 ღირს, მისი ხელმეორედ გაგრძელება კი – $30.

არაბთა გაერთიანებული საამიროები
ფოტო: Pexels

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც ციფრულ ნომადებს საკუთარი საზღვრები გაუხსნეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ასეთი ვიზა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და რთულად მოსაპოვებელია. საქმე ისაა, რომ ამგვარი ვიზის მისაღებად სახელმწიფოს უნდა დაუმტკიცოთ არამხოლოდ თქვენი განათლების დონე, არამედ ისიც, რომ ყოველთვიურად სულ მცირე $5 ათასს იღებთ შემოსავლის სახით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ციფრული ნომადის ერთწლიანი ლიცენზია $1900 ღირს, მაგრამ ის ქვეყანაში თქვენი უახლოესი ნათესავების ლეგალურად შემოყვანის, საბანკო ანგარიშის გახსნის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ე.წ. „Emirates ID“-ის მიღების საშუალებას გაძლევთ.

აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ვიზის დამტკიცებას ერთი კვირა სჭირდება, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება 60-დღიან ვიზას მოგცემთ, რომლითაც ქვეყანაში უნდა ჩახვიდეთ და ციფრული ნომადის ლიცენზია მიიღოთ. თუმცა, თუ ამ დროს ქვეყანაში ტურისტული ვიზით ისედაც იმყოფებით, მისი სტატუსის შეცვლა შეგიძლიათ, რაც დაახლოებით $210 დაგიჯდებათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტული მიზნით მოგზაურობა და ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ბერმუდის კუნძულები
ფოტო: Jim Schwabel

ბერმუდის კუნძულების მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის, Work From Bermuda-ს ფარგლებში, ციფრულ ნომადებს ქვეყანაში დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ამგვარი ვიზის მისაღებად, მსურველებმა დასაქმების ან სწავლის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ვიზის მიღება ფრილანსერებსა და სტუდენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვიზის მიღება ონლაინ შეგიძლიათ – ამისთვის პასპორტი, სამედიცინო დაზღვევა, ნასამართლეობის არარსებობის შესახებ ცნობა და ის ფინანსური დოკუმენტები დაგჭირდებათ, რომლებიც თქვენს სახელზე არსებულ საბანკო დეპოზიტს ან მუდმივი შემოსავლის წყაროს დაამტკიცებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრი სხვა სახელმწიფოსგან განსხვავებით, ბერმუდის კუნძულების ხელისუფლება ციფრულ ნომადებს ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს არ უწესებს. ასეთი ტიპის ვიზის აღებას ხუთი დღე სჭირდება და ის $263 ღირს.

ბაჰამის კუნძულები
ფოტო: IAB Travel

ბაჰამის კუნძულებზე, ისევე, როგორც კარიბის ზღვის აუზის სხვა კუნძულოვანი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, საკუთარი სავიზო რეჟიმი ვრცელდება. ამ შემთხვევაში, თუ ციფრული ნომადი ხართ, „ბაჰამის კუნძულებზე განგრძობითი მოგზაურობის პროგრამა“ (BEATS) გამოგადგებათ, რომელიც კუნძულებს შორის ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

ციფრული ნომადის ვიზაზე განაცხადის შეტანა $25 ღირს, მაგრამ დასტურის შემთხვევაში დამატებით $1000 გადახდა მოგიწევთ. ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა კი, ასეთია: პასპორტი, სამედიცინო დაზღვევა, დისტანციურ რეჟიმში დასაქმების შესახებ ცნობა ან სწავლის შესახებ ცნობა.

ბრაზილია
ფოტო: Pixabay

ბრაზილიაში ციფრული ნომადის სტატუსით გადაბარგება თუ გინდათ, ქვეყნის ხელისუფლებას უნდა დაუმტკიცოთ, რომ საბანკო დეპოზიტზე $18 ათასი გაქვთ და ყოველთვიურად, სულ მცირე $1500 გერიცხებათ ხელფასის სახით. ეს სერვისი $72 დაგიჯდებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ $500-მდე დამატებითი ხარჯების დაფარვაც მოგიწევთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიაში ტურისტული მიზნით მოგზაურობა და ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ისლანდია
ფოტო: Getty

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ნომადების მიმართ არსებული სავიზო პოლიტიკით, ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სახელმწიფოა. ასეთი ტიპის ვიზის აღების მსურველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ყოველთვიური შემოსავლის სახით $7275 ერიცხება, თუ ისლანდიაში საცხოვრებლად მარტო გადადის და $9460 – თუ მეუღლესთან ერთად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისლანდიაში ციფრული ნომადის სტატუსით გადაბარგებულ ადამიანს ისლანდიურ კომპანიაში მუშაობა არ შეუძლია.

ციფრული ნომადის ვიზა 180 დღის ვადით გაიცემა და ის $88 ღირს. საბუთის მისაღებად შევსებული ანკეტის, სურათის, პასპორტის, სამედიცინო დაზღვევის, ნასამართლეობის არქონის შესახებ ცნობისა და დამსაქმებლის ხელწერილი დაგჭირდებათ. ისე კი, ისლანდიის ვიზის მიღების პროცედურა ფრიად უცნაურიცაა, რადგან საბუთების ჩაბარება მხოლოდ ფიზიკურად შეიძლება – თუ ქვეყანაში არ იმყოფებით, საბუთები შესაბამის ორგანოს ფოსტით უნდა გაუგზავნოთ.

შეგახსენებთ, რომ ისლანდია შენგენის ზონის სახელმწიფოა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისლანდიაში ტურისტული მიზნით მოგზაურობა და ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ყოველ 180-დღიან პერიოდში.

კოსტა-რიკა
ფოტო: Lorraine Boogich via Getty Images

კოსტა-რიკაში ციფრული ნომადის სტატუსით გადაბარგების მსურველმა პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ გასული წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, სულ მცირე $3000 მიიღო შემოსავლის სახით. გარდა ამისა, კოსტა-რიკა ქვეყანაში გადაბარგების მსურველებს დამატებით შეზღუდვებსაც უწესებს – ისინი საერთაშორისო კომპანიაში უნდა იყვნენ დასაქმებულნი, საკუთარი ბიზნესი უნდა ჰქონდეთ ან ფრილანსერად მუშაობდნენ, მაგრამ საერთაშორისო კლიენტების დაკვეთებზე.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ნომადებისთვის სპეციალური ვიზა კოსტა-რიკამ ამა წლის ივლისში შემოიღო, მაგრამ ის მალევე, ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია, რაც იმაზეც აისახება, რომ ასეთი ტიპის ვიზის მიღების მსურველებს აპოსტილით დამოწმებული საბუთების წარმოდგენაც კი არ სჭირდებათ. ამასთანავე, კოსტა-რიკაში მცხოვრები ციფრული ნომადები ადგილობრივ სახელმწიფო გადასახადებს არ გადაიხდიან, ხოლო შემოსავალს, რომელსაც საზღვარგარეთული კომპანიებისგან მიიღებენ, ადგილობრივი შემოსავლების სამსახური არ აღრიცხავს.

ნორვეგია
ფოტო: Pond5

ის საბუთი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ნორვეგია ქვეყანაში ჩასულ ციფრულ ნომადებს ნაწილობრივად დისტანციური სამსახურისთვის აძლევს, დამოუკიდებელი კონტრაქტორის ბინადრობითაა ცნობილი და ის ორი წლის ვადით გაიცემა. თუმცა, ასეთი ვიზის მისაღებად, მსურველის მინიმალური ყოველწლიური შემოსავალი, სულ მცირე €35,719 უნდა იყოს.

ასეთი საბუთის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: პასპორტი, ანკეტა, სურათი, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულება, განათლების შესახებ ცნობა და პროფესიული რეზიუმე. საინტერესოა ისიც, რომ ციფრული ნომადის ვიზის მისაღებად, თქვენ სულ მცირე ერთი ნორვეგიელი კლიენტი მაინც უნდა გყავდეთ.

საბერძნეთი
ფოტო: Strolling Greece

ციფრული ნომადებისთვის საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ვიზა საშუალებას მოგცემთ ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში დარჩეთ, რის მერეც ციფრული ნომადის ბინადრობის აღებასაც შეძლებთ. თუმცა, ამისთვის უნდა დაამტკიცოთ, რომ ყველა სახელმწიფო გადასახადის გადახდის შემდეგ, თქვენი ყოველთვიური ხელფასი €3500-ს აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთან ერთად მეუღლე ცხოვრობს, ეს მოთხოვნა 20%-ით იმატებს, ხოლო შვილის შემთხვევაში – 15%-ით. ვიზის მიღების საფასური €75-ს შეადგენს, ხოლო პასუხის მისაღებად მოცდა ათი დღის განმავლობაში მოგიწევთ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი შენგენის ზონის სახელმწიფოა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში ტურისტული მიზნით მოგზაურობა და ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ყოველ 180-დღიან პერიოდში.

უნგრეთი
ფოტო: TTstudio

ციფრული ნომადებისთვის უნგრეთის მთავრობამ ბინადრობის სპეციალური პროგრამა შემოიღო, სახელწოდებით „თეთრი ბარათი“, მაგრამ მის მისაღებად, ფრილანსერი უნგრეთში არ უნდა იყოს დასაქმებული ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ბიზნესს უნდა ფლობდეს. ასეთი ტიპის ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება, ხოლო მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც ვიზის მსურველმა უნდა დააფიქსიროს – €2000-თი განისაზღვრება.

პორტუგალია
ფოტო: ESB Professional

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ნომადობით დაინტერესებული პირებისთვის პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, რაც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გასაცემი ვიზების მრავალფეროვნებაზეც აისახება. იმათთვის, ვინც პორტუგალიაში ბიზნესის დარეგისტრირებას და საინვესტიციო საქმიანობას არ გეგმავს და პასიური შემოსავლით აპირებს ცხოვრებას – D7-ტიპის ვიზა გამოდგება, ხოლო ფრილანსერების, დამოუკიდებელი კონტრაქტორებისა და ანტრეპრენიორებისათვის – D2-ტიპის ვიზა არის აუცილებელი.

ზოგადად კი, ორთავე ვიზა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რეზიდენტის სტატუსის მიღება სურთ. თავად ბინადრობა, თავდაპირველად, ორი წლის ვადით გაიცემა, მაგრამ მისი სამი წლით გაგრძელებაც არის შესაძლებელი. საინტერესოა ისიც, რომ D7-ტიპის ვიზის მფლობელებზე სპეციალური საგადასახადო პოლიტიკა ვრცელდება, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილზე სახელმწიფო გადასახადები ათი წლის განმავლობაში არ გადაიხადონ.

რაც შეეხება ვიზის მაძიებელთა მიმართ წამოყენებულ ფინანსურ მოთხოვნებს, ისინი სრულ შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებულ მინიმალურ ხელფასთან, რომელიც დღეს €705-ს უდრის. პორტუგალიაში, ისევე, როგორც საბერძნეთში, ეს თანხა ოჯახის წევრების შემთხვევაში იზრდება – მეუღლისა ან ოჯახის სხვა ზრდასრული წევრის შემთხვევაში €352-ით, ხოლო ყოველი ბავშვის შემთხვევაში, კიდევ €235-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.